კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მსხვილი კომპანიების შემოსავლები იზრდება

COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს. მსოფლიო მასშტაბით ადამიანებს განსხვავებული რეალობით უხდებათ ცხოვრება. რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ეკონომიკური და ბიზნეს კრიზისის დაძლევა უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა. მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: აღნიშნული რეალობის მიუხედავად, ბიზნეს კომპანიებმა ცვლილებების გათვალისწინებით კრიტიკული ეტაპიდან გამოსვლა უნდა შეძლონ. გლობალური სურათის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა და ინსტიტუტებმა ზომების მიღება იმით დაიწყეს, რომ ფინანსური საკომპენსაციო ზომები გაუფართოვეს ცალკეულ კომპანიების, ინდივიდებსა თუ ოჯახებს, რათა კრიზისის ეფექტი ბიზნესზე შემცირებულიყო.

რა სირთულეების წინაშე არიან კომპანიები?

ბაზარზე მოთხოვნის შემცირება კორონავირუსით გამოწვეული ყველაზე დიდი პრობლემაა. მოთხოვნის შემცირებამ მომხმარებლების მხრიდან დაგვიანებული გადახდების საკითხი წამოჭრა. გლობალურ პირობებში მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა. პანდემიის გავრცელებასთან ერთად ბიზნეს-კომპანიების უმეტესობა ახალი, დამატებითი დაფინანსების წყაროს მოძიებას ცდილობს. ასევე სირთულეს წარმოადგენს საზღვრების ჩაკეტვაც, ვალუტის კურსის ცვლილებები და ა.შ.

მაგრამ მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიამ უამრავი ბიზნესი გააჩერა, მსხვილმა კომპანიებმა ფინანსურად გაძლიერება და უკეთესი მდგომარეობის შექმნა მოახერხეს. რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსმა ადaმიანები აიძულა სახლში დარჩენილიყვნენ, სამსახურების უმეტესობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, კომპანიებმა, რომლებმაც ინტერნეტის რესურსის გამოყენება თავის სასარგებლოდ შეძლეს, დიდი მოგებაც ნახეს. ისეთი მსხვილი ბიზნეს კომპანიისთვის, როგორიც Amazon-ია, პანდემიას „დადებითი“ გავლენა ჰქონდა. კომპანიის ფინანსური შედეგების მიხედვით, 2020 წლის სექტემბრამდე Amazon-ის მოგება 70%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი $5.8 მილიარდი დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მზარდმა შემოსავალმა Amazon-ს საშუალება მისცა კაპიტალის რაოდენობა გაეზარდა საწყობების მომარაგებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის კუთხით. კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით, ზემოთ აღნიშნული ხარჯი $25.3 მილიარდი დოლარი იყო, რამაც Amazon-ი კონკურენტებისთვის კიდევ უფრო ძლიერ კომპანიად აქცია.

ოქტომბერში კომპანია Apple-მა 5G–ით აღჭურვილი iPhone 12 სერიის გაყიდვა დაიწყო. ტექნოლოგიური კომპანიების „გიგანტმა“ $2 ტრილიონი დოლარის მოგება ნახა. ნოემბერში კომპანიამ წარმოადგინა პირველი Mac კომპიუტერები, რომლებიც მუშაობდნენ Apple–ის მიერ შემუშავებული პროცესორებით, Intel–ის (INTC) ჩიპების ნაცვლად. Mac–ის გაყიდვებმა 29%–ით მოიმატა და $9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო iPad–ის ტაბლეტების გაყიდვები 46%–ით გაიზარდა და $6,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია Apple-ის ოფიციალურმა წამომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია პერიოდულად ყიდულობს პატარა კომპანიებს საკუთარი პლატფორმის განვითარების მიზნით, რის მიზეზებსა თუ გეგმებზეც საჯაროდ არ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ Apple-მა ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიაში სპეციალიზებული სტარტაპიც შეიძინა. Vilynx-ის კომპანია Apple-მა  $50 მილიონ დოლარად შეისყიდა. Credit Suisse Securities-ის მთავარი წარმომადგენლის, ჯონათან გოლუბის განცხადებით, ეკონომიკის გამოცოცხლება სწორედ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთარ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ.

გასაკვირია, რომ მსოფლიო მასშტაბით ზოგიერთი კომპანია მოსალოდნელზე უკეთესად მოქმედებს. მანქანების გაქირავების, რესტორნების ქსელების და მსგავსი ფირმების უმეტესობა, რომლებსაც უდიდეს ფინანსურ კრიზისს უწინასწარმეტყველებდნენ, დღევანდელი მონაცემებით არსებულ ვითარებას თავს კარგად ართმევენ. იპოთეკური კომპანიების შემოსავლებიც აშშ-ში გაიზარდა. ნიშანდობლივია, რომ რეცესიის დროს მომხმარებლები დიდი ხარჯების თავიდან აცილებას ცდილობენ, თუმცა 2020 წელს, აშშ-ში მომხმარებლებმა აღნიშნულის საპირისპიროდ იმოქმედეს. ეკონომისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ამერიკელების უმეტესობას სამსახური არ დაუკარგავს, ფულად კაპიტალს აღარ ხარჯავდნენ მოგზაურობასა და გართობაში, რამაც მათ ყოველთვიური გადახდის საშუალება მისცა.

ეკონომიკის გამოცოცხლების მხრივ, აღსანიშნავია სამთავრობო სტიმულები. კომპანიებისთვის, რომლებიც დიდი რეცესიის საფრთხის წინაშე იყვნენ, დახმარებები დიდი „სიკეთე“ აღმოჩნდა. ავტომწარმოებლები General Motors-ი და Ford Motor-ი წლის დასაწყისში დიდი სესხის აღებას შეეცადნენ იმ მოლოდინით, რომ მანქანების გაყიდვები შემცირდებოდა. ამის საპირისპიროდ, საავტომობილო ბიზნესი ზაფხულში გამოცოცხლდა და General Motors-მაც, Ford Motor-მაც დიდი მოგების შესახებ გააკეთეს განცხადება. აღსანიშნავია ისიც, რომ უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები მომავალი წლისთვის მოგების რეკორდულ მაჩვენებლებს მოელიან.

მეორე მხრივ, ბიზნეს კოლაფსი ყველაზე მძიმედ ავიაკომპანიებს შეეხო. გაზაფხულის ეკონომიკური რეცესიის შემდეგ, ავიაკომპანიების უმეტესობა იმედებს ზაფხულის რეისებით დატვირთულ სეზონზე ამყარებდა. ივლისში გლობალური მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების მატებამ კომპანიების ეს მოლოდინებიც გააქრო.

ავიაკომპანიამ Delta Air Lines–მა $5.4 მილიარდი დოლარი მხოლოდ მესამე კვარტალში დაკარგა. ასევე, Avis Budget Group- მა დიდი ზარალი განიცადა – $639 მილიონი დოლარი წლის პირველ ექვს თვეში. კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლების გათვალისწინებით, შიდა საჰაერო მიმოსვლებიც 60%-ითაა შემცირებული.  Darden Restaurants-ის სარესტორნო ქსელმა, რომლის მფლობელობაშიცაა Olive Garden-ი და სხვა ბრენდები, აღნიშნა, რომ გაყიდვები 28%-ით შემცირდა მხოლოდ აგვისტოს პერიოდში. ხოლო ამ წლის აქციების ფასები  6%-ითაა შემცირებული.

რა მდგომარეობაშია მცირე და საშუალო ბიზნესი?

გლობალური პანდემიის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი პირველ ეტაპზე განსაკუთრებული მძიმე დარტყმების მიუხედავად განვითარებას განაგრძობდა. მცირე და საშუალო ბიზნესის უმეტესობა დაბალი შემოსავლის მაჩვენებლით ხასიათდება და დასაქმებულთა შემცირებული რაოდენობით განაგრძობს მუშაობას. ონლაინ პლატფორმების დახმარებით, ბევრმა ბიზნეს-კომპანიამ გაყიდვების წილი გაზარდა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დახმარების გარეშე პანდემიის მეორე ტალღის შემდეგ ბევრი კომპანია ვერ შეძლებს ბიზნესში „დაბრუნებას“. უმუშევრობის დახმარებისა და მცირე ბიზნესისთვის სესხების რაოდენობა ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. დღევანდელი მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა კრიტიკულია. შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის COVID-19 ვაქცინის 90%-ით ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, ოპტიმისტური სცენარით, გაჩნდა იმედები იმისა, რომ ვაქცინები კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისის დაძლევაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.