„აწარმოე საქართველოში“ საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროების დახმარებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში 13 ნოემბრიდან დაიწყო განცხადებების მეოთხე ნაკადის მიღება და 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში  ის საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროები მიიღებენ დახმარებას, რომელთაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის გამო არ აქვთ შესაძლებლობა დაფარონ კომერციულ ბანკებში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებელი.

პროგრამის პირობები:

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გაცემული წლიური სარგებელის თანადაფინანსება დათვლილია 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით არსებული,  მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შესაბამისად.

თანადაფინანსების თანხის გამოყენება მეწარმე სუბიექტს შეუძლია აღნიშნული სესხისთვის როგორც 2020 წლის 1 მარტამდე , ასევე 1-ლი მარტის შემდგომ წარმოშობილი საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.

სააგენტოს ცნობით, თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს:

  • 5 000 000 ლარს- ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში
  • 1 750 000 აშშ დოლარს- აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში
  • 1 650 000 ევროს- ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

თანადაფინანსებით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის პირველ მარტამდე;
  • სასტუმრო უნდა მოიცავდეს 4 ფუნქციონირებად ნომერს;
  • სესხის სრული ოდენობის 80% გაცემული უნდა იყოს სასტუმროს შეძენის/ მშენებლობის/ რემონტის/გაფართოების/ აღჭურვის/ რეკონსტრუქციის/ სასტუმროსთვის უძრავი ნივთის(ქონების) შეძენის მიზნობრიობით;
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი მიმართვის წარდგენის მომენტისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული ინდ. მეწარმე ან იურიდიული პირი;

თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი:

  • რომლის მიერ აღებული სესხი 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული კომერციული ბანკის მიერ.
  • რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოსგან მიღებული აქვს საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხა 12 კალენდარული თვის მანძილზე.