31 წლის ბელარუსი დემონსტრანტის, რამან ბანდარენკას გარდაცვალებამ ევროკავშირში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ევროკავშირის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია მზადაა ბელარუსის ოფიციალურ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესოს.
ბელარუსში ათასობით ადამიანი ყვავილებითა და სანთლებით გარდაცვლილი დემონსტრანტის საგლოვად გამოვიდა. რამან ბანდარენკა მინსკის საავადმყოფოში რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბანდარენკა ოთხშაბათს პოლიციამ დააკავა. მშვიდობიან დემონსტრანტს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბელარუსის ხელისუფლება უარყოფს ბანდარენკას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მომიტინგე მშვიდობიან მოსახლეობასთან შეტაკებისას დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დიპლომატიურმა ორგანომ დაგმო ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის გასაპროტესტებლად მიმდინარე გამოსვლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მოწყობილი დარბევა. ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) წარმომადგენლის, პიტერ სტანომის განცხადებაში ვკითხულობთ: „ბანდარენკას გარდაცვალება ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების სამარცხვინო და აღმაშფოთებელი შედეგია.“ სტანომმა დემონსტრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და ბანდარენკას ოჯახის წევრებს, მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ბელარუსის 55 ოფიციალურ პირს, რომლებიც ძალადობრივ რეპრესიებსა და დაშინებაზე არიან პასუხისმგებლები, სანქციები უკვე დაუწესა. მათ შორისაა პრეზიდენტი ლუკაშენკოც.