ბილ და მელინდა გეითსები კორონავირუსის ვაქცინისათვის დამატებით 70 მილიონ ამერიკულ დოლარს გაიღებენ

ბილ და მელინდა გეითსებს სურთ დარწმუნდნენ, რომ კორონავირუსის ვაქცინებს ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღებენ, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში. ამისათვის, გეითსების ფონდმა გადაწყვიტა დამატებით 70 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის თანხა გაიღოს, რათა შეიქმნას უფრო ხელმისაწვდომი ვაქცინა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის. წლის განმავლობაში ამერიკელი ფილანტროპის ფონდმა დაახლოებით 400 მილიონი ამერიკული დოლარი გაიღო ვირუსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის.

Photo Credits to AFP/GETTY IMAGES

„კოვიდ-19 არის ყველგან, ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მიიღებს თანაბარ წვდომას ტესტებზე, წამალსა და ვაქცინაზე, როდესაც ის იქნება ხელმისაწვდომი“ – განაცხადა მელინდა გეითსმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე.

გეითსების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება როგორც ლოგისტიკური საკითხების დაგეგმარებას, ისე ვაქცინის მეორე ტალღისათვის მისი ხელმისაწვდომობის დახვეწას. მათი განცხადებით, ვაქცინა უნდა იყოს ტემპერატურისადმი მდგრადი, რათა ტრანსპორტირებასას შეინარჩუნოს საკუთარი ეფექტიანობა.