სახის ამოცნობის პროგრამას უკვე დათვების იდენტიფიკაცია შეუძლია

ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით თავისუფალ დროს სილიკონის ველის ორი დეველოპერი ავითარებს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც დათვების ინდივიდუალურად ამოცნობას შეძლებს. წინა კვირას გამოქვეყნებული მონაცემებით, პროგრამა წარმატებით მუშაობს.

Photo Credits to Melanie Clapham

სახის ამოცნობის პროგრამას წარმატებით შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ორი ადამიანი, მაგრამ შესაძლებელია თუ არა მსგავსი პროგრამა დათვებს მოერგოს და  მათი ინდივიდუალურად გარჩევა შეძლოს.  ედ მილერი და მარი ნუენი სამუშაო საათებში სილიკონის ველის სოფთვეარ დეველოპერები არიან, ღამით კი ცდილობენ ამ კითხვაზე იპოვონ პასუხი და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით დათვებს დაეხმარონ. ისინი საკუთარი პროგრამის გასაუმჯობესებლად Katmai National Park–ის ყავისფერი დათვების ცნობილ ვიდეო–კადრებს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ დათვების დასაცავად და სამეცნიერო კვლევებისთვის ინდივიდუალური ამოცნობის პროგრამა არსებითად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მექანიზმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ როგორც პროგრამისტები, ისე ბიოლოგები. ედ მილერისა და მარი ნუენის პროექტზე მოხალისეობრივი მუშაობის შედეგები გასულ კვირას ჟურნალ Ecology and Evolution–ში გამოქვეყნდა.  

BearID 84%–იანი სიზუსტით განარჩევს მისთვის უკვე ცნობილ დათვებს: ლუსის, ტოფის, ფლორასა და სტივს. პროექტში ჩართულ პროფესიონალებს იმედი აქვთ, რომ პროგრამა თანდათან უფრო და უფრო ზუსტი გახდება. პროფესორი კლექმანის განმარტებით, პროექტის საბოლოო მიზანია, ინდივიდს ფოტოს ატვირთვისას პროგრამამ უთხრას არა მარტო ცხოველის ჯიში, არამედ  მისი „ვინაობა“, ასაკი და სქესი.