ჯილ სანდერი მოდის სამყაროს დაუბრუნდა

ჯილ სანდერი მოდის სამყაროს დაუბრუნდა და 11-წლიანი წყვეტის შემდეგ Uniqlo-სთან კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ტანსაცმლის ხაზის, „+J“-ის, 2020 წლის კოლექცია წარადგინა. დიზაინერი აღნიშნულ თემაზე ჟურნალს „Women’s Wear Daily“ ესაუბრა.

Photo Credits to Giovanni Giannoni/Courtesy of Uniqlo

Uniqlo ყოველდღიური სამოსის იაპონური ბრენდია, რომელთანაც ჯილ სანდერი 2009 წლიდან თანამშრომლობს. საერთო წამოწყება 2011 წლამდე გაგრძელდა. 2 წლის შემდეგ მათ იგივე კოლექცია კიდევ ერთხელ შესთავაზეს მომხმარებელს, მაგრამ მას შემდეგ სანდერი საკუთარ ბრენდს და მოდის სამყაროს სრულიად ჩამოშორდა. როგორც ჩანს, დიზაინერმა ეს დროს შემოქმედებითი ნაპერწკლის ძიებასა და თავისი ნამუშევრების მუზეუმისთვის მომზადებას დაუთმო.

გერმანელი დიზაინერის შემოქმედება მინიმალისტური და მოკრძალებულია. მისი ე.წ. ყოველდღიური, ქუჩის სტილი იმდენად დახვეწილად არის წარმოდგენილი, რომ მოდის მოყვარულთა და ჟურნალის რედაქტორთათვის მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია.

სანდერი ჩაცმულობის ისეთ ბაზისურ ნივთებზე მუშაობს, როგორებიცაა, მაგალითად, მუქი ფერის პალტო და უბრალო თეთრი მაისური. მისი დიზაინის ხელოვნება კლასიკად ქცეულ სამოსში ახალი მასალის გამოყენება და თანამედროვე პროპორციებისა თუ ჭრილების შეტანაა. მისი ძირითადი იდეა ისეთი ნივთების გადაკეთებაში მდგომარეობს, რომელთაც დრომ ვერაფერი დააკლო. სწორედ ამიტომ, ჯილი ამ პროცესს დროის შესწავლასა და კვლევას ადარებს. „თუ ახალი ვერსია უფრო მეტად მოგწონს, ჩემთვის ეს არის თანამედროვეობის არსი. რადგან მიმზიდველი ტანსაცმელი დამოკიდებულია არა მხოლოდ ხარისხსა და კლასიკურ ჭრილზე, არამედ ის დროის სულსა და არსსაც უნდა გამოხატავდეს.“  სწორედ ამიტომ, კოლექციაში ვხვდებით გადაკეთებულ და დახვეწილ სამხედრო უნიფორმების მსგავს  ქურთუკებს, ქაშმირის პალტოებს, დიდი ზომის მაისურებს, ნაქსოვ და ყელიან სვიტერებს, ასევე, კოსტიუმებსა და კლასიკურ შარვლებს.

Photo Courtesy of Uniqlo

ჯილის თქმით, კოლექციაში მან სცადა სამგანზომილებიანობის იდეის განვითარება. ერთი მხრივ, ფუმფულა ქურთუკები თავშესაფარივით მყუდრო ხდება ადამიანისთვის, რაც დიზაინერის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში Covid-19-ისგან გამოწვეული დაძაბულობის შესარბილებლად. ხოლო, მეორე მხრივ, სამოსის მოცულობას თან სდევს ტანზე მომდგარი სილუეტი, რომელიც აჩვენებს ადამიანის სხეულს და ამგვარად ხაზს უსვამს მის შინაგან სამყაროს. დიზაინი იმ იდეასაც ატარებს, რომ თავდაჯერებულობა შემატოს ადამიანს და ბიძგი მისცეს ახალი მიზნების დასახვასა და განხორციელებაში.

თავად დიზაინერი კოლექციას აფასებს როგორც „საკმაოდ კონცენტრირებულს, მაგრამ კარგად კოორდინირებულს“. ის გვირჩევს, რომ დათვალიერების შემდეგ შევიძინოთ ერთი მთლიანი „ლუქი“ და არა ცალკეული ნივთი. +J კოლექცია გვთავაზობს ქალის 35 და მამაკაცის 25 ტანისამოსს, ასევე 4 აქსესუარს.

Photo Courtesy of Uniqlo
Photo Courtesy of Uniqlo