Deutsche Bank კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გასცემს რეკომენდაციას, რომ ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ სახლიდან, 5%-ით გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი გადაიხადონ. ამ გადასახადის მიზანი კი იმ ადამიანების მხარდაჭერა იქნება, რომელთა სამსახურებიც სახლიდან მუშაობას შეუძლებელს ხდის.
კვლევის თანახმად, სახლიდან მომუშავე ხალხი ზოგავს თანხას, მაგალითად აღარ იყენებენ სარესტორნე და სწრაფი კვების ობიექტებს ლანჩის დროს, მათი მხრიდან შემცირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებაც. თანხა, რომელსაც ისინი ზოგავენ, შეიძლება მოხმარდეს იმ ადამიანების, რომელთა საქმიანობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა პანდემიის პირობებში.
Deutsche Bank აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი არა უშუალოდ დასაქმებული, არამედ დამქირავებელი უნდა იყოს, რადგან რეალურად, დანაზოგი გროვდება კომპანიის/დამქირავებლის მხრიდანაც.
პროფესიები, როგორიცაა მაგალითად, ექთანი ან საწარმოს მუშახელი, ვერ შეძლებენ დისტანციურად საქმიანობას. თუმცა, მაგალითად, ფინანსური ანალიტიკოსები და სხვა პროფესიები მარტივად გადავლენ დისტანციურ მუშაობაზე. Deutsche Bank-ის განცხადებით, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დამატებით 5%-იანი საგადასახადო ბეგარა, იმ დაქირავებით დასაქმებულთათვის რომლებიც მუშაობენ სახლიდან.
5%-იანი გადასახადი არ დაეკისრებათ თვითდასაქმებულებს და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს (რომელთა შემოსავალი არ აღემატება $30 000-ს წელიწადში), ასევე მათაც, ვინც თავის ნებით არჩიეს სამუშაოს ადგილზე შესრულება და არა დისტანციურად.
დამატებითი გადასახადი საზოგადოებისთვის არასასურველი რეგულაციაა და, შესაბამისად, დიდი კრიტიკის საგანია, თუმცა იდეისა და ანგარიშის ავტორი, Deutsche Bank-ის სტრატეგოსი ლუკ ტემპლემანი მზადაა დებატებისა და კრიტიკის მისაღებად და განმარტავს, რომ ეს კვლევა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დააჩქარებს.