პეკინის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ჩინეთის მთავრობას „არაპატრიოტი“, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პოლიტიკოსებისა თუ დეპუტატების გათავისუფლების უფლება აქვს. აღნიშნული რეზოლუცია მიმდინარე პროცესებში საგარეო ძალების ჩარევასაც კრძალავს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ დადგენილების გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში სამოქალაქო პარტიიდან ოთხი დეპუტატი გაათავისუფლეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ვან ვენბინი აცხადებს, რომ დეპუტატების დისკვალიფიკაცია რაციონალური მიზეზით, კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელდა. ოთხი დეპუტატის გათავისუფლების შემდეგ, ჰონგ-კონგის დემოკრატიული პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ მათი კოლეგების მხარდასაჭერად ისინიც გადადგებიან თანამდებობებიდან. განცხადება 15 დეპუტატის გადადგომის შესახებ ჩინეთის მთავრობას ხუთშაბათს წარედგინება.
ჰონგ-კონგის დემოკრატიული პარტიის თავჯდომარემ, ვუ ჩი-ვაიმ განაცხადა, რომ რეზოლუცია ჰონგ-კონგის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ ოფიციალურად ზღუდავს. შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს. ჰონგ-კონგი ანგლო-ამერიკული სამართლის ჩარჩოებში იურიდიული დამოუკიდებლობით სარგებლობს. აღნიშნული პრინციპი ჰონგ-კონგის ავტონომიურობის უმაღლესს ხარისხს ითვალისწინებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ფინანსური დამოუკიდებლობა.
ჩინეთის მიერ წამოწყებული ჰონგ-კონგის „შევიწროვების“ კამპანია, რეგიონის გრძელვადიან სტაბილურობას ძირს უთხრის. ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის რეპუტაციას ლახავს. ჰონგ-კონგის დემოკრატიული პარტია აშშ-ს ოფიციალურ პირებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ჩინეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.