ბოლო დროს ხშირად დასმულ კითხვაზე, თუ როდის იქნება კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი, მეტნაკლებად ზუსტი პასუხი არსებობს, რადგან რამდენიმე ეფექტური ვარიანტი გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, არსებობს საკითხი, რომელიც არანაკლებ დიდ პრობლემას წარმოადგენს – ვაქცინის მიწოდების დამაბრკოლებელი მიზეზები – წარმოება, შენახვა, განაწილება და ა.შ.
ბოლო მონაცემებით, ცდის პირველ ფაზაზეა კორონავირუსის 36 ვაქცინა, მეორე ფაზაზე-14, მესამე ფაზაზე-11, ხოლო რუსეთსა და ჩინეთში ექვსმა ვაქცინამ ნაწილობრივ მოიპოვა აღიარება.
პირველმა ეტაპმა, რომელიც ფოკუსირებულია პრეკლინიკურ ტესტირებებზე, აშშ-ის რამდენიმე წამყვანი ფირმისთვის შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოქმნა. აღნიშნული ტესტირებისას მეცნიერები ვაქცინაციას ატარებენ ჯერ უჯრედებზე, ხოლო შემდეგ ცხოველებზე. ამერიკა კი საცდელი მაიმუნების დეფიციტის წინაშე დგას გაზრდილი მოთხოვნისა და ჩინეთის მხრიდან არასაკმარისი მიწოდების გამო.
კორონავირუსის ვაქცინის გავრცელება
მიუხედავად დიდი რაოდენობით მიმდინარე ცდისა, ვირუსის ვაქცინის ბაზარზე გატანა მაინც ბევრ დაბრკოლებასთან არის დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ეფექტური ვაქცინის მასისთვის მიწოდება, იარსებებს უამრავი ლოგისტიკური პრობლემა, რომლის მოგვარებაც საჭირო იქნება.
ერთ-ერთი საკითხი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ვაქცინის წარმოებას არის – შუშის ჭურჭლების(ფლაკონების) ნაკლებობა. შუშის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ ბაზარი ტრადიციულად ფიქსირებულია და ნელა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტის საშიშროება არსებობს. ამას ემატება შუშის მწარმოებელთა დაბალი რაოდენობაც. ექსპერტთა ვარაუდით, მწარმოებელთა ნაკლებობამ და მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა დიდი დაბრკოლება წარმოქმნას საკმარისი ვაქცინის მიწოდებისთვის.
გარდა შუშის დეფიციტის პრობლემისა, ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს, ვაქცინის გადასაადგილებლად შესაბამისი პირობების შექმნა. ვაქცინისთვის ტემპერატურის კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საჭიროა მისი შენახვა დაახლოებით -94 ფარენჰეიტზე (-70°C).
ამასთანავე, არსებობს წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები, რამაც შეიძლება შეაფერხოს ვაქცინის დროული მიწოდება. ფარმაცევტული კომპანიები ექვემდებარებიან კარგი საწარმოო პრაქტიკის (Good Manufacturing Practice ) რეგულაციებს. GMP არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლს სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეტიკეტირების დოკუმენტაციების მოწესრიგებამაც შეიძლება დაბრკოლებები შექმნას, რადგან შეფუთვა და ჩანართები უნდა იყოს დამტკიცებული ინდივიდუალურად, თითოეული ქვეყნის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაცვლად ერთი გლობალური საწყობის აღრიცხვის ერთეულისა (SKU- Stock keeping unit) თითოეული ქვეყანა მოითხოვს ცალკეულ SKU-ს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფარმაცევტული მიწოდების ჯაჭვისთვის ხშირად საჭიროა დამატებითი ლოგისტიკური ეტაპები, რისი გავლაც დიდ დროსთან არის დაკავშირებული.
და ბოლოს, ვაქცინის მიწოდების ჯაჭვის განვითარებამ შეიძლება სხვა მიწოდების ჯაჭვები დააზარალოს. ვაქცინის მიწოდება დაკავშირებულია დიდ ძალისხმევასთან. შესაძლოა, შეიქმნას გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, სხვა საქონლის გადაზიდვები შეფერხდება, რადგან პრიორიტეტული იქნება ვირუსის ვაქცინის მიწოდება.