ეთიოპიაში მიმდინარე მწვავე კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა

ეთიოპიაში, ტიგრაის რეგიონში მიმდინარე მწვავე კონფლიქტმა უკვე ასობით ადამიანი იმსხვერპლა. რეგიონს ჩრდილოეთიდან ერიტრეა, ხოლო დასავლეთიდან სუდანი ესაზღვრება. შესაბამისად, ტიგრაის რეგიონში კონფლიქტი ეთიოპიის ეროვნულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერში ტიგრაის ეთნიკურმა ჯგუფმა, რომელიც მთელი მოსახლეობის 6%-ს წარმოადგენს,  კონფლიქტი წამოიწყო და ეთიოპიის ფედერალურ მთავრობას დაუპირისპირდა. ქალაქ ამჰარის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტიგრაისა და ფედერალური მთავრობის შეტაკებისას 500-მდე ადამიანი დაიღუპა. რეგიონში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირის შეფერხება ზუსტი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას არ იძლევა.

Photo Credits to Eduardo Soteras/AFP

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის აქტიურად მუშაობს  სახელმწიფოში და სამოქალაქო ომის შესახებ შიში  უსაფუძვლოა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი, აბი აჰმედი, ნობელის პრემიის ლაურეატია დემოკრატიული რეფორმების განვითარებასა და ერიტრეასთან მშვიდობის დამყარებისთვის.

ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტი (TPLF) ერიტრეასთან კონფლიქტის დროს ჩამოყალიბდა (1998-2000). დაჯგუფების განცხადებით, აბი აჰმედის მთავრობა რეგიონში საჰაერო დარტყმებს უსამართლოდ ახორციელებს. Facebook–ის საშუალებით მეამბოხეებმა აღნიშნეს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ტიგრაის ხალხის ეთნიკურ წმენდას ემსახურება. საჰაერო შეტაკებებთან დაკავშირებით მთავრობის სპიკერი კომენტარს არ აკეთებს.

კონფლიქტზე მომუშავე ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, TPLF-ს ძლიერი კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა აქვს. მეამბოხეები სამთავრობო სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ, იარაღისა და ტექნიკის მოსაპარად. აღნიშნული კონფლიქტი წლების შედეგად სტაბილურად მზარდ ეკონომიკას საგრძნობლად შეამცირებს. ასევე, მოსალოდნელია დევნილთა რიცხვის გაზრდა.