სწრაფი კვების გიგანტის, მაკდონალდსის განცხადებით, 2021 წელს მომხმარებელს ის „McPlant“-ის ხაზის მცენარეულ მენიუს შესთავაზებს. „McPlant”-ის ხაზის მენიუში შევა მცენარეული, ქათმის ხორცის შემცვლელი ბურგერები და საუზმის სენდვიჩები.
მცენარეული „ხორცის“ მწარმოებელ კომპანია Beyond Meat-თან თანამშრომლობით მაკდონალდსმა საკუთარ კანადურ ფილიალებში უკვე გამოსცადა McPlant-ის მენიუ.
„ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ამ შესაძლებლობით, რადგან გვჯერა, რომ მივიღეთ დადასტურებული, გემრიელი პროდუქტი“,- განაცხადა იან ბორდენმა, მაკდონალდსის საერთაშორისო ოპერაციების მმართველმა.
ჯერჯერობით ცნობილი არაა, რომელი კომპანია მოამარაგებს მაკდონალდსის რესტორნებს მცენარეული „ხორცით“, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ მაკდონალდსმა უკვე ითანამშრომლა კომპანია Beyond Meat-თან და მას ოფიციალურ სამომავლო მომმარაგებლად ჯერ არ აცხადებს, Beyond Meat-ის აქციის ფასები საგრძნობლად დაეცა.
აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსი საკმაოდ გვიან შეუერთდა მენიუში მცენარეული ხორცის დამკვიდრების ტრენდს. სწრაფი კვების უამრავი რესტორანი, მათ შორის ბურგერ კინგი და დანკინ ბრენდსის ჯგუფი უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს ამ ტიპის პროდუქციას.