კორონავირუსის გავრცელებისა და ადამიანთა სახლში დარჩენის აუცილებლობის გამო, 2020 წელს ზუმის, ნეტფლიქსისა და პელოტონის აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა ორშაბათს – მას შემდეგ, რაც ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer–მა კოვიდ ვაქცინის იმედისმომცემი შედეგები გაასაჯაროვა, კომპანიების აქციების ფასმა დაიკლო.
ამ კვირის მონაცემებით, ზუმის აქციებისფასის ყველაზე მეტად შემცირდა – 15%–იანი ვარდნა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კომპანიისთვის თვითიზოლაციის პერიოდი მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან ზუმის დახმარებით მომხმარებელმა შეძლო შეექმნა ვირტუალური სამუშაო და სასწავლო სივრცე. გასულ თვეს ზუმმა ბაზარზე ExxonMobil–საც კი გადაასწრო. 2020 წელს კომპანიას 500%–იანი ზრდა აქვს.
პელოტონის – ვარჯიშისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის, აქციების ფასმა 15%–ით დაიკლო. შედეგად, კომპანიის ამ წლის მოგების ზრდა 260%–მდე შემცირდა.
ნეტფლიქსს, სხვა კომპანიებთან შედარებით – მცირე, მხოლოდ 5%–იანი, ვარდნა აქვს. მისი ამ წლის მოგება კი დაახლოებით 50%–ითაა გაზრდილი. ამაზონის აქციების ფასი იანვრიდან 70%–ითაა გაზრდილი, მაგრამ, ორშაბათის მონაცემებით, მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულებაც 3%–ითაა შემცირებული.
Hercules Investments-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის ჯეიმს მაკდონალდის განმარტებით: გრძელვადიან პერიოდში ზუმი და ნეტფლიქსი შექმნილი ვითარების (პანდემიის) გამო მოგებულნი დარჩებიან. თუმცა მოკლევადიან პერიოდში – მაშინ, როცა მათი მოლოდინები რეალურ ფასს აჭარბებს, ისინი დანაკარგსაც განიცდიან. იმ კომპანიებმა, რომელთა მოთხოვნის ზრდა სახლში დიდი დროის გატარების აუცილებლობამ გამოიწვია, უკვე მიაღწიეს შემოსავლის ზრდის მაქსიმალურ წერტილს.