Virgin Hyperloop-მა პირველი მგზავრები გადაიყვანა

ამერიკულმა კომპანიამ Virgin Hyperloop მსოფლიო სატრანსპორტო სივრცეში სენსაცია მოახდინა, მის მიერ შექმნილმა თანამედროვე ტრანსპორტმა 500 მეტრი სიგრძის ვაკუუმის მილი 6.25 წამში, დაახლოებით, 172 კმ/სთ სიჩქარით დაფარა.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Virgin Hyperloop-მა ეს ყოველივე მგზავრებთან ერთად მსოფლიოში პირველად განახორციელა, რაც მომავალში Hyperloop-ის სისტემის კომერციალიზაციას შეუწყობს ხელს.

Photo Credits to Thomas Yim / Virgin Hyperloop

მეორე თაობის ტრანსპორტი Hyperloop pod კომპანიის დამფუძნებელ ჯოშ გიეგელთან და ერთ-ერთ თანამშრომელთან, სარა ლუჩიანთან, ერთად დაიძრა და მგზავრობა წარმატებით დასრულდა. მგზავრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, ტრანსპორტის სიჩქარე 172 კმ/სთ-მდე შემცირდა, თუმცა Hyperloop pod-ს შესაბამისი სიგრძის მილებში 386 კმ/სთ-მდე სიჩქარეც დაუფიქსირებია.

Hyperloop სატრანსპორტო სისტემის იდეა თავდაპირველად ილონ მასკმა შეიმუშავა და მსოფლიო კომპანიებს გადასცა. დღესდღეობით მსგავსი სისტემის სრულყოფაზე მუშაობენ კომპანიები ჰოლანდიაში (Hardt), კანადასა (TransPod) და ესპანეთში (Zeleros), თუმცა გადაადგილება მგზავრებთან ერთად, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ Virgin Hyperloop-მა შეძლო.

კომპანია ახლო მომავალში დასავლეთ ვირჯინიაში მიზნად ათი კილომეტრის სიგრძის მილის აგებას ისახავს. ის Hyperloop pod-ის სიჩქარის ახალ რეკორდს დააფიქსირებს. Virgin Hyperloop მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე პროექტს გეგმავს: ინდოეთში ერთმანეთს დაუკავშირდება პუნა და მუმბაი, ასევე, ჯიდა და ერ-რიადი საუდის არაბეთში.

Virgin Hyperloop-ის კონკრეტული წარმატება მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. Hyperloop-ის სისტემის დანერგვით მოხდება იმ ფინანსების დაზოგვაც, რომლებიც დღეს სატრანსპორტო საშუალებებში იხარჯება. Hyperloop Transportation Technologies Inc-ის შეფასებით, 30 წლის მანძილზე Hyperloop pod-ით მგზავრებისა და სამშენებლო ტვირთის გადაზიდვა გამონაბოლქვს, დაახლოებით, 2.4 მილიონი ტონით შეამცირებს. ამასთანავე, Hyperloop სატრანსპორტო სისტემა ჩაანაცვლებს 1.9 მილიონამდე ავტომობილს.