Human Rights Watch G20-ის ლიდერებისაგან ითხოვს, რომ საუდის არაბეთს უკანონო პატიმრების გათავისუფლებისაკენ მოუწოდონ. ისინი მსოფლიოს 20 წამყვან ეკონომიკას სთხოვენ საუდის არაბეთს, ასევე, პასუხისმგებლობა დაეკისროს წარსულში ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოც. G20 სამიტი საუდის არაბეთის სამეფოში 21 ნოემბერს გაიმართება, სადაც თავს მოიყრიან მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ლიდერები.
Human Rights Watch-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ G20-მა სამიტის ჩატარება რიადში გადაწყვიტა იმისდა მიუხედავად, რომ საუდის მთავრობა ზეწოლას ახორციელებს ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, ავიწროებს საჯარო პირებსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს, უკანონოდ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს იემენში და პასუხისმგებლობას გაურბის ჯამალ ხაშოჯის მკვლელობის საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში, ჯამალ ხაშოჯის მკვლელობიდან უკვე 2 წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებლობა არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ დაკისრებია. HRW ითხოვს, რომ G20-ის წევრებმა ნება დართონ დამოუკიდებელ, საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფს გამოიძიონ ხაშოჯის მკვლელობის საქმე და შეისწავლონ ყველა დოკუმენტი ბრალდებული სახელმწიფო აგენტების სასამართლო პროცესიდან.
HRW იმედოვნებს, რომ G20-ის ზეწოლა საუდის არაბეთზე შესაძლოა დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.