ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer– მა და BioNTech– მა განაცხადეს, რომ „მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის დიდი დღე დადგა“. კომპანიებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, რომელიც ექვს ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე უკვე გამოიცადა. ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. კომპანიები გეგმავენ, რომ პასუხისმგებელ უწყებას თხოვნით მიმართონ და ვაქცინის გამოყენების ნებართვა თვის ბოლოს მიიღონ.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ვაქცინა, მკურნალობის სხვა აპრობირებულ მეთოდებთან ერთად, საუკეთესო გზაა Covid-19 შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად. მართალია, ამჟამად ტესტირების ბოლო ეტაპს ათამდე სხვა ვაქცინა გადის, თუმცა, აღნიშნული ვაქცინა პირველია, რომელმაც თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი ვაქცინა სრულად ექსპერიმენტულ მიდგომას ეფუძნება. ინექცია ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილს შეიცავს, რომელიც (პაციენტის) სხეულს კორონავირუსისთვის ამზადებს. ვაქცინის ეფექტურობისთვის საჭიროა ორი დოზის სამი კვირის ინტერვალით მიღება.
კვლევები აშშ-ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა. შედეგების თანახმად, ვაქცინა 90%-ით ეფექტურია და ის მოქმედებას მეორე დოზის მიღებიდან შვიდი დღის შემდეგ იწყებს.
კომპანია Pfizer იმედოვნებს, რომ 2020 წლის ბოლომდე 50 მილიონი ვაქცინის ჩაშვებას შეძლებს, ხოლო 2021 წელს კი – მსოფლიოს 1.3 მილიარდი ვაქცინით მოამარაგებს.
თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინა გამოწვევების წინაშეა. კერძოდ, მისი შენახვა საკმაოდ რთულია – ის მინუს 80 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. ასევე, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამდენი ხნით გამომუშავდება იმუნიტეტი.
Pfizer– ის თავმჯდომარემ, დოქტორმა ალბერტ ბურლამ, ახლახან განაცხადა, რომ: „ჩვენ მივუახლოვდით პანდემიის დასასრულს. ჩვენი ვაქცინა ხელს შეუწყობს გლობალური კრიზისის დასრულებას“.