ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები განახლდა

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ლონდონში სავაჭრო მოლაპარაკებები განაახლეს. მომდევნო კვირა დაეთმობა საერთოს მოძებნას ორი მხარის განსხვავებულ შეხედულებებს შორის თევზჭერის კვოტებისა და კონკურენციის საკითხებში.

Photo Credits to Reuters

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი, მოლაპარაკებების აღდგენამდე აცხადებდა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად იყო ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის დასატოვებლად  2021 წლიდან, თუმცა, როგორც კვირას განაცხადა, შეთანხმების წინასწარი მონახაზი უკვე ცნობილია და გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის გარიგება აუცილებლად დაიდება.   

ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელები, მიშელ ბარნიე და ლორდ ფროსტი მაქსიმალურად მცირე დროში ცდილობენ ორ მხარეს შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პირობების განსაზღვრას, ვინაიდან პოსტ-ბრექსიტის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს სრულდება, ამ თარიღის შემდეგ კი დიდ ბრიტანეთს ეხსნება ვალდებულება, ბლოკის წესებს დაემორჩილოს.

თუ ამ დროისთვის მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ შორის ვაჭრობა დაექვემდებარება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, რომლის დაწესებულმა ტარიფებმა ექსპორტსა და იმპორტზე შესაძლოა ფირმებისა და მომხმარებლების ხარჯები გაზარდოს.

დიდი ბრიტანეთი თანახმაა, მიიღოს „ავსტრალიის პირობები“ – ანუ იმ გარიგების წესები, რომლებიც ევროკავშირს ავსტრალიასთან აქვს მიღებული, რაც შეზღუდულ სექტორულ შეთანხმებებს გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ბრიტანეთი ძირითადად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით იმოქმედებს.

ლონდონში წასვლამდე მიშელ ბარნიემ ტვიტერზე განაცხადა, რომ მომავალში მიღწეული შეთანხმება ევროკავშირისა და მისი წევრი 27 სახელმწიფოს ინტერესებსა და ღირებულებებს პატივს უნდა სცემდეს.