საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა, საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021 – 2025 წლების ჩარჩო – დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს. მასში ასახულია ქვეყნის პრიორიტეტები, გამოწვევები, მოქალაქეთა საჭიროებები და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები.
საბინე მახლმაკი აღნიშნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება სურს და ამჟამინდელი პრიორიტეტული მიმართულებები სოციალური თანასწორობა, ადამიანური რესურსების პოტენციალი დამათი განვითარებაა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩარჩო – შეთანხმების განხორციელება 2021 წლის 1 იანვარს დაიწყება. მასში მხარეებს შორის თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგიული მიმართულებებია განსაზღვრული და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან სრულ თანხვედრაშია.
დოკუმენტი 5 თემატურ მიმართულებას მოიცავს:
- ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები;
- თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მომსახურებაზე;
- ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
- ადამიანის უსაფრთხოება;
- გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.
2021 -2025 წლების ჩარჩო – დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო პარტნიორები, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.