უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან საქართველოში დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. უცვლელად გთავაზობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
- 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.
- ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით:
-საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
-ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე; - ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;
- ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 852 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 39 773 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 441 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3015 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 2 599 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 670 პირი.“