2 ნოემბერს, ავღანეთის დედაქალაქში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 კი დაიჭრა. ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ტერორისტული ორგანიზაცია ISIL (ISIS) იღებს.
თავდაპირველად, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობას თალიბანს აკისრებდნენ, თუმცა თალიბანის სპიკერმა აღნიშნული ბრალდება მალევე უარყო. მოგვიანებით, ტერაქტის განხორციელება საკუთარ თავზე ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აიღო.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ტერაქტში მონაწილეობას იღებდა ერთი თვითმკვლელი ტერორისტი და ორი შეიარაღებული პირი, რომელთაც აფეთქების შემდეგ იერიში სტუდენტებზე მიიტანეს. თავდამსხმელები უსაფრთხოების ძალებმა ადგილზევე გაანეიტრალეს.
პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, 2 ნოემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. უსაფრთხოების სპეციალისტმა, მუშთაქ რაჰიმმა, Aljazeera-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, მომხდარმა ტერაქტმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.