Facebook-ი და Twitter-ი აშშ-ის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მიზნით, სოციალურ ქსელებში ახალ ეტიკეტებს ამატებენ. აღნიშნული ეტიკეტებით, კომპანიები სოციალური ქსელების მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ პოსტები აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკოსის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას შეიცავენ. Twitter-ისა და Facebook-ის წარმომადგენლების აზრით, ახალი გამაფრთხილებელი „იარლიყები“ დეზინფორმაციის გავრცელებას შეამცირებს და მომხმარებლებს ვალიდურ ინფორმაციასთან წვდომას გაუადვილებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ამერიკელი ამომრჩევლების 45%-ზე მეტმა, არჩევნებში მონაწილეობა ფოსტის საშუალებით მიიღო. შესაბამისად, ამერიკის საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ხმების დათვლას დღეები დასჭირდება, რაც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის კიდევ ერთ დიდ ტალღას გამოიწვევს. Twitter–მა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგს ოფიციალურად მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც ინფორმაციას ისეთი მედია საშუალებებისგან მიიღებს როგორიცაა: Associated Press, CBS, CNN ან Fox News. კომპანიამ ისეთი შინაარსის პორტებიც აკრძალა, რომელიც ნებისმიერი სახის აგიტაციასა და არჩევნებში ჩარევის მცდელობას შეიცავს. Twitter-ის გამაფრთხილებელი ეტიკეტები გამოჩნდება პოსტების ქვემოთ ლურჯ ფერად, ხოლო Facebook-ის შავად.
Facebook-ის, აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, Facebook-ი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისას ამერიკის ეროვნულ საარჩევნო ადმინისტრაციისა და Reuters-ის ოფიციალურ განცხადებებს დაეყრდნობა.