ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, ტესტს გაიკეთებენ. შესაბამისად, ისინი ძალაუნებურად ავრცელებენ ვირუსს საზოგადოებაში. შესაძლებელია, ამ პრობლემის გადაჭრაში ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმაროს.
საქმე ისაა, რომ უსიმპტომო პაციენტებიც კი, არ არიან დაცული ყველა იმ ცვლილებისგან, რომელსაც COVID-19 ადამიანის ორგანიზმში იწვევს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჯანმრთელი და ინფიცირებული ადამიანების ხველა ერთმანეთისგან განსხვავდება. მართალია, ეს სხვაობა ადამიანის ყურისთვის შეუმჩნეველია, თუმცა, მისი დაფიქსირება ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია.
მედიცინისა და ბიოლოგიის ინჟინერიის ჟურნალში IEEE გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, ხელოვნური ინტელექტის მოდელი ერთმანეთისგან ასხვავებს ჯანმრთელი და უსიმპტომო დაავადებული ადამიანის ხველას. ადამიანები მოხალისეობრივად, მობილურისა და ლეპტოპის საშუალებით, აგზავნიდნენ საკუთარი ხველის ჩანაწერს. საბოლოო ჯამში, მეცნიერებმა ათი ათასობით ხველის ნიმუში გამოიკვლიეს. შემთხვევათა 98.5%-ში, ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი ამოიცნო. მათ შორის, 100%-ით შეძლო იმ დაავადებულთა იდენტიფიცირება, რომლებსაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაჰქონდათ.
ამჟამად, მეცნიერები აპლიკაციაზე მუშაობენ. FDA-ს თანხმობისა და წახალისების შემთხვევაში, აპლიკაცია მომხმარებლებისთვის უფასო და კომფორტული საშუალება გახდება ვირუსის იდენტიფიცირებისთვის. შემდგომში კი, აპლიკაციის შედეგს მომხმარებელი ფორმალური ტესტითაც გადაამოწმებს.
„ამ ინსტრუმენტის ეფექტური დანერგვა პანდემიის გავრცელებას შეამცირებდა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები მას საკლასო ოთახში, რესტორანში ან ქარხანაში წასვლამდე გამოიყენებდნენ“,- განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ავტომატური იდენტიფიკაციის ლაბორატორიის მკვლევარმა, ბრაიან სუბირანმა.
აღნიშნულ ინიციატივაზე, ბრაიან სუბირანთან ერთად, მუშაობენ ჯორდი ლაგუარტა და ფერან ჰუეტოც, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.