რუსეთის იერიში იდლიბის რეგიონზე, შესაძლოა, თურქეთისათვის გამაფრთხილებელი სიგნალი იყოს

26 ოქტომბერს სირიის ჩრდილო-დასავლეთით განხორციელებულ საჰაერო შეტევას ათობით ამბოხებული მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიაში, იდლიბის პროვინციაში, მებრძოლ შენაერთებზე საჰაერო თავდასხმის მიზანი, შესაძლოა რუსეთის მხრიდან თურქეთის გაფრთხილება იყოს.

Photo Credits to AP

რუსეთი და თურქეთი მნიშვნელოვნად არიან ჩართულნი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებში. ლიბიაში, სირიასა და კავკასიაში ორი სახელმწიფო, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური უპირატესობების მოპოვებას ცდილობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მათგანი მარიონეტულ ქმედებებს ახორციელებს, ისინი ერთმანეთს ღიად, თითქმის, არასდროს უპირისპირდებიან.

რუსეთის საჰაერო თავდასხმის მთავარ სამიზნეებს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებულები წარმოადგენდნენ. შესაბამისად, გამომცემლობა Aljazeera-ს მიხედვით, სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ ვლადიმერ პუტინი მისი ამ ქმედებით თურქეთს გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის. საჰაერო იერიში რუსეთმა აჯანყებულთა საწვრთნელ ბანაკზე მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი და დაშავდა 50-მდე.

რუსეთი და თურქეთი კვლავ განაგრძობენ მარტში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, რომელიც კონფლიქტის დეესკალაციას ისახავდა მიზნად.