თურქეთი ერდოღანის კარიკატურის გამო საფრანგეთის წინააღმდეგ სამართლებრივი და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

თურქეთმა განაცხადა, რომ ფრანგულ გამოცემა „Charlie Hebdo”-ში გამოქვეყნებული კარიკატურის საპასუხოდ, საფრანგეთის წინააღმდეგ, სამართლებრივ და დიპლომატიურ ზომებს მიმართავს. თურქი ოფიციალური პირების შეფასებით, ჟურნალში გამოქვეყნებული პრეზიდენტ ერდოღანის კარიკატურა კულტურული რასიზმის გავრცელების შემაძრწუნებელი მცდელობაა.

Photo via Sky News

ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებულ კარიკატურაზე ერდოღანი და ისლამი იყო გაშარჟებული, რამაც ფრანგულ და თურქულ მხარეთა შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. მანამდე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობის საკითხს, რომელმაც მოსწავლეებს მოციქული მუჰამადის კარიკატურა აჩვენა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, აბდულჰამიტ გულმა, განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველა საჭირო ზომას მიიღებს აღნიშნული ინციდენტის საპასუხოდ. სამთავრობო მედიები კი იუწყებიან, რომ პროკურორებმა ფრანგული გამოცემის აღმასრულებლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. აღნიშნულს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის სპიკერიც და აღნიშნა, რომ კარიკატურა არ უნდა მიიჩნეოდეს გამოხატვის თავისუფლებად, რადგან იგი პატივს არ სცემს არანაირ რწმენასა და ღირებულებას და მხოლოდ ვულგარულობის გამოხატულებაა.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას ფრანგული პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადებისაკენ მოუწოდა.