მეგობრობა ნიშნავს საქართველოს მოსახლეობასთან ახლო თანამშრომლობას, მათი გარემოსა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამის ერთ-ერთი დასტურია USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“. აღნიშნულ პროგრამასთან თანამშრომლობით, შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ ფერმერებისა და რძის გადამამუშავებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, დმანისში, სოფელ სარკინეთში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, ძალიან ლამაზ მაგრამ მიუვალ ადგილას, ახალ ტრენინგ-ცენტრს აფუძნებს.
„პროექტის ფარგლებში იგეგმება ექვსი მოკლევადიანი ტრენინგ-პროგრამის რეპლიკაცია ჩვენი შვეიცარიული პარტნიორი სკოლიდან. პროექტის ორწლიანი მიმდინარეობის განმავლობაში, საერთო ჯამში 170 მსმენელი გადამზადდება შემდეგი მიმართულებებით: მსხვილფეხა ცხოველთა მოვლა, რძის გადამუშავება, მსხვილფეხა ცხოველთა კვება, მსხვილფეხა ცხოველთა ჯანმრთელობა, მემცენარეობა და აგრომექანიზაცია, საძოვრების მართვა და საკვების კონსერვაცია.“ – აცხადებს შვეიცარიული აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორი, თინათინ მახარაძე.
ტრენინგების განხორციელება უკვე 2023 წლის ივლისიდან დაიწყო. სწავლება დუალური პრინციპით ხორციელდება, რაც სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს. სწავლება ფასიანია. მსმენელმა უნდა გადაიხადოს ცხოველთა მოვლის ღირებულება 250 ლარი, რაშიც შედის სკოლაში 1 კვირით განთავსება და კვება.
სასწავლო პროცესის აწყობასა და შედგენაში, აგრეთვე მასწავლებელთა გადამზადებაში შვეიცარიულ აგრარული სკოლა „კავკასიას“ სრულად ეხმარება პარტნიორი შვეიცარიული სკოლა „პლანტაჰოფი“.
„ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ფერმერებისა და რძის მწარმოებლების ახალი თაობა, რომლებიც დაბრუნდებიან თავიანთ რეგიონებში, განავითარებენ საკუთარ ფერმებს და რძის პროდუქტების წარმოებას, შესთავაზებენ საქართველოს მოსახლეობას უვნებელ სურსათს, და რაც მთავარია, ხელს შეუწყობენ საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას.“- აღნიშნავს თინათინ მახარაძე.
ტრენინგ ცენტრის მშენებლობა გასულ გაზაფხულს დაიწყო და 2024 წლის გაზაფხულზე შევა ექსპლუატაციაში.