სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკს ახალი რეგიონული დირექტორი ჰყავს

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე როლანდ პრაისი დაინიშნა. პრაისი საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, მსოფლიო ბანკის სტრატეგიების შემუშავებაზე იქნება პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, პრაისი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში საკრედიტო, საკონსულტაციო და მოწვევის სერვისებს უხელმძღვანელებს, კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან ურთიერთობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რეგიონში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

„ჩემთვის დიდი პატივია აღნიშნული თანამდებობის დაკავება და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას რეგიონში მდგრადობისა და თანასწორობის ხელშესაწყობად. მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას განვითარებისა და სტაბილური მომავლის მიღწევაში დავეხმარებით“, – განაცხადა ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა.

პრაისი მსოფლიო ბანკს 2006 წელს, იურიდიული ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე შეუერთდა. პრაისი მსახურობდა მსოფლიო ბანკის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.

რეგიონულ დირექტორად დანიშვნამდე, წარმოშობით იამაიკელი პრაისი რუანდაში, მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. ამას გარდა, პრაისი ოპერაციული მენეჯერის პოზიციას იკავებდა ინდონეზიაში. ინდონეზიაში პრაისი $600 მილიონის სატრასტო ფონდს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (IDA) პორტფელს მართავდა, რომლის მოცულობამაც მაქსიმუმს, $7.5 მილიარდს მიაღწია.

რუანდაში ქვეყნის მენეჯერის თანამდებობაზე ყოფნისას კი, პრაისის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა 60%-ით გაიზარდა და ჩამოყალიბდა კერძო სექტორის განვითარების პროგრამა. ამასთან ერთად, პრაისის ზედამხედველობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც მათ შორის მოიცავს IDA-ს მიერ დაფინანსებულ პირველ კლიმატურ ღონისძიებას რუანდაში.