დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, „Google-ი“, „Facebook-ი“, „Twitter-ი“ და სხვები, ევროკავშირს ინტერნეტ კომპანიების სამართლებრივი პასუხიმგებლობის ახალი კანონების შექმნისკენ მოუწოდებენ. ახალმა კანონმდებლობამ ინტერნეტ სივრცეში დეზინფორმაციებისა თუ სიძულვილის ენის გაკონტროლება უნდა შეძლოს.
ერთ-ერთი დიდი ინტერნეტ კომპანიის, „Edima-ს“, წარმომადგენლების განცხადებით, დეზინფორმაციული შინაარსის პოსტების წასაშლელად აღნიშნული პლატფორმის განვითარება საუკეთესო გზაა. „Edima-ს“ გენერალური დირექტორი, სიადა ელ რამლი, ევროკომისიისგან სამართლებრივი დაცვის გარანტიას მოითხოვს, რაც ინტერნეტ სივრცეში კომპანიებს პროაქტიული ზომების განხორციელების საშუალებას მისცემს. ინტერნეტ კომპანიები მომხმარებლების პოსტების წაშლას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, ვინაიდან მათი თქმით, კონკრეტული პოსტის წაშლამ შეიძლება ინდივიდის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს ამჟამად ონლაინ რეჟიმში არალეგალური საქმიანობის აღკვეთისთვის კონკრეტული კანონმდებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, ორგანიზაცია გეგმავს საბჭოს შექმნას, რომელიც ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს. ახალი წესების თანახმად, ინტერნეტ და სოციალური მედიის კომპანიების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სოციალური მედიის კომპანიების პასუხიმგებლობების გამკაცრებაში პირველი არ იქნება. მას შემდეგ, რაც „YouTube-მა“, „Facebook-მა“, დეზინფორმაციული შინაარსის პოსტებთან გამკლავება ვერ შეძლეს, მაისში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სოციალური მედიის კომპანიებთან დაკავშირებულ კანონმდებლობის შესწორებას, რაც აღნიშნული კომპანიებისთვის მეტი პასუხისმგებლობის მინიჭებას ითვალისწინებდა.