გალერეა 4710 წარმოგიდგენთ თამარ ნადირაძის მეორე სოლო გამოფენას „თითქოს თავი ძილს მივეცი”.
გამოფენაზე წარმოდგენილია არტისტის ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრების სერია, რომელიც სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა.
სერია აერთიანებს შვიდ ნამუშევარს, რომელიც ხელოვანისთვის დამახასიათებელ მედიუმში, აკვარელი ქაღალდზე, არის შესულებული.
თამარ ნადირაძის ნამუშევრებში მთავარი ხაზი ყოველთვის ადამიანია, როგორც მთავარი გმირი, რომლის გარშემოც ვითარდება მოვლენები და მისი დაკვირვების საგანი გმირის, როგორც ობიექტის განზოგადება და საერთო გამოცდილების გაზიარებაა. სიუჟეტები ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმიანება და მნიშვნელოვან საკითხებზე რეაგირების მცდელობებია, რომელიც სხვადასხვა აბსურდულ მიზანსცენად თამაშდება. ავტორისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად კონკრეტული მოვლენა, რამდენადაც ადამიანების რეაგირება ამ მოვლენაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისინი, ან რა შედეგები მოჰყვება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
გამოფებაზე წარმოდგენილი ნამუშევრების სერიაში ავტორი ორ მნიშვნელოვან სიმბოლოს, ქსოვილს და ფესვებს იყენებს, შეთანხმებული მნიშვნელობის დაშლის ინსტრუმენტად.
გამოფენის ტექსტთან ერთად გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის 1859 წლის 4 ივნისს დაწერილ ლექსს, “ელეგია”, რომელიც სწორედ იმ თემებს ეხმიანება, რაზეც ხელოვანი მუშაობდა.
ელეგია
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!ვიდექ მარტოკა… და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება…
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!
ილია ჭავჭავაძე, 4 ივნისი, 1859 წ
გამოფენა გაიხსნება პარასკევს, 9 ივნისს და გაგრძელდება 30 ივლისის ჩათვლით.