წიგნის მაღაზია „ფოსტა და კონა“ 23 დეკემბერს თბილისში ფინანსების მოსაზიდად აუქციონს გამართავს. აუქციონზე, შეზღუდული დროით, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ნამუშევრები, ხოლო გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად საგამომცემლო საქმიანობის დაფინანსებაზე დაიხარჯება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ხელოვანების ნამუშევრები: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, თოლია ასტახიშვილი, თეა ჯორჯაძე, თეა გვეტაძე, სტეფანი ჰაინცი, გვანცა ჯგუშია, ტონი ჯასთი, მარი ყალაბეგაშვილი, ნინა კინწურაშვილი, დავით მესხი და ნინო სეხნიაშვილი.
ღონისძიება 23 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიხსნება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ხელოვანთა ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება როგორც მაღაზიაში, ისე ონლაინ, ვებგვერდზე.
მაღაზია 2021 წელს გაიხსნა მაზნიაშვილის N10-ში, თბილისში დაფუძნებული ორი საგამომცემლო სახლის, „ფოსტა პრესისა“ და „კონა წიგნების“ კოლაბორაციის შედეგად. აქ წარმოდგენილია „კონა წიგნებისა“ და „ფოსტა პრესის“ გამოცემული პუბლიკაციები და დამოუკიდებელი საერთაშორისო პრესა, რომელიც ხელოვნების, არქიტექტურის, ფოტოგრაფიის, ლიტერატურის და სხვა თემატიკას მოიცავს. მაღაზიაში ასევე აერთიანებს სამკითხველო და საგამოფენო სივრცეებს.
საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზატორებს ელ. ფოსტაზე: info@postadakona.ge.