საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალთა როლის წარმოჩენის მიზნით, გრეის ჰოპერის ჯილდო 2021 წელს შეიქმნა და ყოველწლიურად წარმოაჩენს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს, იმ ორგანიზაციებს და პროგრამებს, რომლებიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, ისრაელის საელჩოსთან, მაშავის ცენტრსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა. პროექტის ფარგლებში, ისრაელის საელჩოს ჩართულობით, 2021 წლის გამარჯვებულები ისრაელში გაემგზავრნენ, რათა უკეთ გასცნობოდნენ ქვეყნის ინოვაციურ ეკოსისტემას, მოენახულებინათ ტექნოლოგიური კომპანიები და სექტორში მოქმედი ორგანიზაციები.
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში, სადაც სტუმრები Yissum Technology Transfer Company of the Hebrew University-ის საქმიანობას გაეცნენ, რომელიც ჩართულია უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების პროცესებში.
„სასწავლო ვიზიტი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან სიღრმისეულად გავეცანი ისრაელის ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. გავიცანი და შევხვდი ბევრ საინტერესო/ წარმატებულ სახეებსა თუ კომპანიებს, რომლებიც ძირეულ როლს თამაშობენ ისრაელის ეკონომიკური და ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში“ – ამბობს კესო ლელუაშვილი, ფაბერის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი გუნდის წევრი.
კესოს თქმით, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი, როგორც ფაბერის წარმომადგენლისთვის, თელავივის ეკონომიკის გლობალური განვითარების ხელმძღვანელთან შეხვედრა იყო, რომლის სახითაც ახალი ღირებული კონტაქტი შეიძინა და დაინახა, თუ რამდენად დიდი მზაობაა ისრაელის ტექ და ეკონომიკურ ეკოსისტემაში ფაბერისნაირი სტარტაპის მისაღებად. „მიღებულმა გამოცდილებამ ვფიქრობ, გზა გამიკვალა, რომ, როგორც ფაბერის ლიდერმა, ამ ქვეყანაში შესვლა და საოპერაციო გეგმების აქტიურად დასახვა დავიწყო“ – ამბობს კესო.
ქართველი მონაწილეები, ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდნენ იერუსალიმის მერის მოადგილეს და ისაუბრეს იმ ხედვასა და სტრატეგიაზე, რომელიც საშუალებას აძლევს მერიას გააძლიერონ ქალების როლი ისრაელის სხვადასხვა თემში. გარდა ამისა, მონაწილეებმა მოინახულეს არაერთი წამყვანი ინოვაციური კომპანია და გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს.
„მნიშვნელოვან პროექტებს გავეცანით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, სოციალური მეწარმეობის და ქალების ტექნოლოგიებში მხარდაჭერის მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფ She Codes პლატფორმას, რომელთანაც დიდი სურვილი გვაქვს ვითანამშრომლოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხრიდან. მიღებული გამოცდილების შედეგად, მინიმუმ 3 ახალი ინიციატივა მალე დაანონსდება ისრაელის მხარესთან პარტნიორობით“ – აღნიშნავს ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.
როგორც ჯეოლაბის აღმასრულებელი დირექტორი ლანა ლაბაძე ამბობს, მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ ძალიან დიდი მოტივაცია და ენთუზიაზმი მისცა და მან დაბრუნების დღიდან დაიწყო მის თანამშრომლებთან გამოცდილების გაზიარება. „უდიდესი მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა მომცა ვიზიტმა, რომ უფრო დიდ მასშტაბზე შევძლებ საინტერესო თანამშრომლობების და ინიციატივების განხორციელებას, ვიდრე აქამდე ჯეოლაბში ვახორციელებდით. ისრაელში ცდილობენ დაგანახონ, თუ რამდენი შრომა სჭირდება წარმატების მიღწევას, ასევე იმას, რომ შეუძლებელი არაფერია“ – ამბობს ლანა.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წელსაც უჭერს მხარს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ინიციატივას, რომელიც 6 კატეგორიაში ავლენს გამარჯვებულ ინდივიდებსა და კომპანიებს. ეს კატეგორიებია: მომავლის ლიდერი ქალი; ICT სფეროს ჩემპიონი; ტექნოლოგიური სტარტაპი; ქალების გაძლიერების პროგრამა; მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია; ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.