2020 წლის 1 ივლისს, პანდემიის პიკში თბილისში Foodgoddess-ი გამოჩნდა. თავდაპირველი გეგმით, სწრაფი კვების რესტორანი სამთვიანი ე.წ. „Pop Up“ იქნებოდა, მისი დამფუძნებლები, ირუ ხუნდაძე და ნუცა გველესიანი კი პანდემიის შემდეგ ცხოვრების ადრინდელ რიტმსა და გეგმებს დაუბრუნდებოდნენ.
თუმცა, მოთხოვნა მათ მიერ დაფუძნებულ სწრაფი კვების რესტორანზე მოულოდნელად მაღალი აღმოჩნდა.
ბრენდის დაფუძნებიდან ორი წლის შემდეგ, ქართული ბრენდი ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდში შევიდა და სწრაფი კვების ქართულ სტანდარტს უკვე ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს გაუზიარებენ.
Forbes Woman-ი ბრენდის პოზიციონირებასა და სამომავლო გეგმებზე Foodgoddess-ის თანადამფუძნებელს, ირუ ხუნდაძეს ესაუბრა.
სწრაფი კვების თქვენეული კონცეფცია როგორ ჩამოყალიბდა და რა სახის გამოხმაურება გაქვთ ქართველი მომხმარებლებისგან?
Foodgoddess-ი პანდემიის პერიოდში დავაფუძნეთ. თავდაპირველად, მხოლოდ სამთვიანი „pop up“ სივრცის გახსნას ვგეგმავდით. პანდემიის გავლენის შემსუბუქების შემდეგ კი, მე პარიზში, ხოლო ნუცა ბარსელონაში უნდა დავბრუნებულიყავით, ცხოვრების ადრინდელი რიტმი აღგვედგინა. მე ვგეგმავდი სამსახური მეპოვნა სტრიმინგ-კომპანიაში, ხოლო ნუცა სწავლა უნდა დაესრულებინა.
თუმცა, მოულოდნელად დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, სტაბილურ, პრემიუმ-ხარისხის სწრაფი კვების ბრენდად ვიქეცით. Foodgoddess-ი დღეში საშუალოდ 100 ბურგერს ყიდდა. 6 თვის განმავლობაში მიტანის სერვისი არ აგვიმუშავებია, მაღალი საკომისიოს მიზეზით. შემდეგ კი პირველ ქართულ მიტანის სერვისთან გადავწყვიტეთ თანამშრომლობა, გაცილებით დაბალი საკომისიოს სანაცვლოდ. ამასთან, „ელვისის“ ცნობადობაში და წარმატებაში, ვფიქრობ, წვლილი მიგვიძღვის და ამით ძალიან ვამაყობთ.
საქართველოში Foodgoddess დაიწყო მხოლოდ 1500 დოლარის ინვესტიციითა და სტრატეგიული ბიზნესგეგმით, რომელიც მოიაზრებდა მინიმალურ ინვესტიციას, რისკსა და მაქსიმალურ ამონაგებს. ამ მოცლობის ინვესტიციით დაწყებული საქმე, ბუნებრივია, მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას, ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვასა და ხანდახან უძილო ღამეებსაც. მცირე ბიუჯეტის გამო სწრაფი კვების აბსოლიტურად ყველა ასპექტის გამოცდა მოგვიწია. მოგვიწია ბევრი ისეთი ამოცანის შესრულება, რაც მანამდე არასდროს გამოგვეცადა და ამ გამოცდილებაზე უარის თქმის ფუფუნებაც არ გვქონია. შესაბამისად, ხელობიდან დაწყებული, სამზარეულითი და სწრაფი კვების ობიექტის მენეჯმენტით დასრულებული, ყველაფერს თავად ვითავსებდით საწყის ეტაპზე.
რატომ შეაჩერეთ არჩევანი მადრიდზე?
ამ არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პირადმა გამოცდილებად. მადრიდი აირჩა შემდეგი მიზეზით – ჩვენ არ გვახსენდებოდა კონკურენტი ობიექტი მსგავსი კონცეფციით, ბრენდინგით, გარემოთი ან გემოთი. ამასთან, გარდა პირადი გამოცდილებისა, ჩავატარეთ მნიშვნელოვანი მოკვლევაც, რომ საკუთარი გამოცდილება ობიექტურადაც დადასტურებულიყო.
ამასთან, პანდემიის პერიოდში ესპანეთში ბევრი რეგულაცია შეიცვალა. შედეგად, უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა მცირე მეწარმეებისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყება ან პროექტის განვითარება. მადრიდი გამორჩეულია თავისი სტატუსითაც – ის ერთ-ერთი უდიდესი გურმანული ცენტრია ევროპაში. თამამად ვიტყვი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომელთაც ასევე განვიხილავდით, თაყაიშვილის ქუჩიდან ყველაზე რეალურად სწორედ მადრიდი მოგვეჩვენა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები – იქნება თუ არა სხვა ლოკაციებიც?
სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა აქვს ბრენდს, და არა მხოლოდ კვების სფეროში.
კვების მიმართულებით მთავარი მიზანია ჩამოვაყალიბოთ ქართული სწრაფი კვების კონცეფციის ე.წ. „Foodstore“. ვფიქრობთ, ქართული კერძების ჩარჩოში ჩასმა და მხოლოდ ტრადიციული ან „Fine dining-ის“ ფორმით მისი შეთავაზება არ არის საკმარისი და მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს იქცეს ე.წ. „Comfort food”-ად. ჩვენ იდენტური ფორმატი უკვე გვაქვს „მანჩისში და ბრანჩისში”, ე. თაყაიშვილის 3 ნომერში და უკვე მადრიდშიც, Calle Santa Maria 39-ში.
გარდა ამისა, ახლა ვასრულებთ მუშაობას ჩვენს ვებგვერდზე, სადაც დაემატება მერჩისა და წევრობის ფუნქციონალი,ის ოფცია for “yearly private parties.”
კიდევ ერთი ახალი ბაზარი აუცილებლად იქნება საფრანგეთი. თუმცა, მანამდე ბევრი სხვა გეგმა გვაქვს მადრიდში. მათ შორის „Foodgoddess“-ის სტიპენდიის დაარსება 1 წლის მანძილზე. სამწუხაროდ, განსაკუთრებული სირთულის გავლა უწევთ სტუდენტებს ყველა განვითარებადი ქვეყნიდან, მათ შორის ქართველ სტუდენტებს. სამწუხაროდ, 2022 წელსაც არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს კი ხელს გვიშლის და გვირთულებს აბსოლიტურად ყველა პროცესს. გვინდა ეს გზა სტუდენტებს უფრო გავუმარტივოთ.