ორწლიანი პაუზის შემდეგ კრეატივის საერთაშორიო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება

2022 წლის 16-17 სექტემბერს ორწლიანი პაუზის შემდეგ კრეატივის საერთაშორიო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება.

ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქ ბათუმში იმართება და რეკლამით და მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. პროგრამა ერთნაირად საინტერესოა როგორც უკვე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისა და სტუდენტებისთვის.

ფესტივალის ორდღიანი პროგრამა დახუნძლულია სემინარებით, ვორკშოპებით, პანელური დისკუსიებით და საღამოს პროგრამით. ფესტივალის კულმინაცია კი დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური, 11 კატეგორიაში გამარჯვებულებს ავლენს.

ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება და რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მიზანი ამ პლატფორმის ირგვლივ შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება, ერთმანეთისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და რეგიონში საქართველოს როლის გაძლიერება იყო. წლიდან წლამდე ფესტივალის მასშტაბის ზრდა ამ მიზნის წარმატებით განხორცილებისკენ მიუთითებს და რიგით მეექვსე ფესტივალზე, ორწლიანი პანდემიური პაუზის მიუხედავად, ორგანიზატორები სტუმრების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, Ad Black Sea აღარ მიიღებს რუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს. განსაკუთრებული პირობით ისარგებლებენ უკრაინელი კოლეგები. მათთვის კონკურსში მონაწილეობა უფასო, ხოლო ფესტივალზე დასწრება ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი.

ფესტივალზე წელს 1000-ზე მეტ დელეგატს ელოდებიან. ნამუშევრები კი უკვე მიღებულია და საერთაშორისო ჟიური ამ წუთებშიც მუშაობს გამარჯვებულების გამოსავლენად.

საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილია 500 ნამუშევარი 7 ქვეყნიდან.

საკონკურსო 11 კატეგორია კი ასე გამოიყურება:

  • ADVERTISING CAMPAIGNS
  • BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING
  • DESIGN & BRANDING
  • DIGITAL & MOBILE
  • DIGITAL & MOBILE craft
  • FILM
  • FILM CRAFT
  • MEDIA
  • OUT OF HOME
  • PRINT & PUBLISHING
  • CREATIVE EFFECTIVENESS

ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის ჯილდოებს გადასცემენ. ფესტივალის ბოლოს, ქართული საკომუნიკაცო სააგენტოების ასოციაცია შეაჯამებს მთელი წლის ქულებს და საუკეთესო ქართულ სააგენტოს და დიზაინ სტუდიასაც გამოავლენს. სააგენტოები ქულებს წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშიროსო ფესტივალზე აგროვებენ. 

რაც შეეხება სასემინარო პროგრამას, ფესტივალზე სპიკერები მოწვეული არიან დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. სტუმრებს შორის იქნებიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ დელეგატებს და განიხილავენ დარგისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს.

ფესტივალზე ონლაინ ჩაერთვება სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და დამსახურებული კრეატიული დირექტორიც Sir John Hegarty, რომლის წიგნიც წელს პირველად ითარგმნა ქართულად, ფესტივალის დამფუძნებლის ინიციატიცით.

Ad Black Sea 2022 პროფესიული ზეიმი და ერთგვარი გადატვირთვაა დარგის წარმომადგენლებისთვის. ორგანიზატორები იმედს იტოვებენ, რომ ორწლიან პაუზას ღირსეულად აანაზღაურებენ და დელეგატებს საკმარის ემოციებს და შთაგონებას გადასცემენ მომავალ წლამდე.