GHEAMA – ქართული სამზარეულოსა და დიზაინის იდეალური შერწყმა მსოფლიო მედიის ფოკუსში

GHEAMA პირველი ქართული რესტორანია მილანში – აქ სტუმრებს ყველასთვის ნაცნობ ქართულ სამზარეულოსთან ერთად, ქართული ელემენტებით გაფორმებული ინტერიერი ელოდება.

Forbes Woman-მა GHEAMA ქართველ მკითხველს ჯერ კიდევ 2021 წელს გააცნო, როდესაც ჟურნალის ყდაზე რესტორნის დამფუძნებელი და მფლობელი, ირინა შენგელიძე დაიბეჭდა.

ფოტო: Adriana Glaviano

ინტერვიუში ირინა გვიყვებოდა, რომ მისი რესტორანი მილანში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი უნდა ყოფილიყო. GHEAMA-ს არქიტექტურაზე იტალიელმა არქიტექტორმა ივო მარია რედაელიმ იმუშავა. რაც შეეხება დიზაინს, რამდენიმე წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან კომუნიკაციის შემდეგ, არჩევანი ქართულ კომპანია “Rooms Studio”-ზე შეაჩერეს – ნატა ჯანბერიძემ და ქეთი თოლორაიამ ინტერიერში იდეალურად ასახეს ქართული შტრიხები. ირინა ამბობს, რომ მისი რესტორნის სტუმრებს ექნებათ განცდა, რომ მუზეუმში არიან. გვიყვება, რომ დიზაინი ზუსტად ისეთია, როგორიც მას და რიკარდოს წარმოედგინათ.

შესაძლოა თავდაპირველად ირინას შეფასებები რესტორანთან დაკავშირებით მკითხველს ამბიციურ განაცხადად მოეჩვენა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ GHEAMA მსოფლიო მედიის ფოკუსშია, როგორც არა მხოლოდ რესტორანი, არამედ ადგილი, სადაც ქართული ტრადიციული სამზარეულო და ინტერიერი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

ფოტო: Adriana Glaviano

ELLE Decor-ის შეფასებით, GHEAMA მილანის დიზაინის კვირის იმ ათ საუკეთესო დებიუტანტს შორისაა, რომელიც საუკეთესო კოლაბორაციისა და კრეატიულობის ნიმუშია. იტალიური გამოცემა Conosco Un Posto-მ კი GHEAMA იმ ათ ახალგახსნილ რესტორანს შორის დაასახელა, რომელსაც აუცილებლად  უნდა ვეწვიოთ: „GHEAMA ავსებს ქართული სამზარეულოს იმ დანაკლისს, რომელიც მილანში გვქონდა… მენიუ, რომელიც საოცრებებს გვპირდება და ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი საუცხოო გარემო“ – ვკითხულობთ გამოცემის რეკომენდაციებში.

რესტორნის ინტერიერზე წერს NY Times-იც – „რესტორნების ინტერიერი Salone del Mobile-ის ფოკუსში ნაკლებად ხვდება, თუმცა წელს გამონაკლისი აღმოჩნდა ქართული რესტორანი GHEAMA-სათვის ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას მიერ შექმნილი შთამბეჭდავი ინტერიერი“.

ფოტო: Adriana Glaviano

რამდენიმე დღის წინ ირინა შენგელიძის GHEAMA იტალიის ერთ-რეთ ყველაზე პოპულარულ გამოცემა „Corriere Della Sera”-სა და „Living”-ის გვერდებზეც მოხვდა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, გემრიელი და მიმზიდველი სივრცე, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ როგორც რესტორანი, არამედ „lifestyle“ კონცეფციის მქონე საინტერესო და დასამახსოვრებელი გარემოთი.