ქალთა ბიზნესსაზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და რომლის ძირითადი მიზანიც ქალის როლის გაძლიერებაა ბიზნესში. ორგანიზაცია მუშაობს როგორც ანტერპრენერ, ისე ლიდერ ქალებთან მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს უწყობს მათ ბიზნესის დაწყება-განვითარებაში.
სულ ახლახან, ქალთა ბიზნეს საზოგადოებამ ახალი პროექტი – „6 ქალი“ დაიწყო. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები გვიყვებიან, ჯგუფური ტრენინგების სერიებში მათ სულ ჰქონდათ დანაკლისი ინდივიდუალურად მორგებოდნენ ბენეფიციარების საჭიროებებს. სწორედ აქედან წამოვიდა ინიციატივა, მოემზადებინათ პროექტის ისეთი ჩარჩო, რომელიც საშუალებას მისცემდა თითოეულ ბენეფიციარს, თეორიული ნაწილი პრაქტიკაში გადაეტანა და გაეზარდა საკუთარი ბიზნესის ეფექტიანობა უმოკლეს დროში.
ასე დაიბადა „6 ქალის“ იდეა. კონკურსის შედეგად შეირჩა პროექტის 6 მონაწილე, რომელიც 5 სხვადასხვა რეგიონს (იმერეთი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, სამეგრელო, კახეთი) და 5 სხვადასხვა სექტორს (მეცხოველეობა, მოდის ინდუსტრია, საკვები პროდუქტები, კანის მოვლა, სტუმარმასპინძლობა) წარმოადგენენ. 6 ძლიერი, მოტივირებული ქალი, თითოეული გამორჩეული და ძალიან ემოციური ისტორიით.
ინდივიდუალური გადამზადების ორთვიანი პროგრამა თითოეული მონაწილის კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული და ის სხვადასხვა ტრენინგ, მენტორინგ და ქოუჩინგ სესიებისგან შედგება.
ქალთა ბიზნეს საზოგადოების დამფუძნებლების თქმით აღნიშნულ პროექტის ანალოგი ჯერ საქართველოში არ ყოფილა და მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა პარტნიორი კომპანიების გარეშე. მიმდინარე პროექტის პარტნიორები არიან: ბოდი შოპი, სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, საერთაშორისო აკადემია ლოგოსი, ოლ-პი ჯგუფი.