Chanel-ს ახალი გლობალური აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

ხუთი წლის შემდგომ, ფრანგულ მოდის სახლს ახალი გლობალური აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. Chanel-მა მორინ  შიკეს შემცვლელად Unilever-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ნაირი დაასახელა.

შიკემ, 9-წლიანი მმართველობის შემდგომ ბრენდი 2016 წლის დასაწყისში დატოვა, რის შემდეგაც, მისი მოვალეობები Chanel-ის თანადამფუძნებელმა, ალენ ვერტჰაიმერმა შეითავსა. ფრანგული მოდის სახლის ოფიციალური განცხადების თანახმად, 73 წლის ფრანგი მილიარდერი ჯგუფის გლობალური აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე გადავა, მის ადგილს კი ლინა ნაირი დაიკავებს.

Chanel-ის აღმასრულებელ დირექტორად ლინა ნაირის დანიშვნა ინდუსტრიაში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ნაირის წარსული მოდას არ უკავშირდება, თუმცა მას ბრწყინვალე რეპუტაცია აქვს Unilever-ში 30-წლიანი მუშაობის შემდგომ. Unilever-ში კარიერის დასასრულს ნაირი ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი და კომპანიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლდათ, რომლის დაქვემდებარების ქვეშ 150,000-ზე მეტი თანამშრომელი იყო. გარდა ამისა, ნაირის ზედამხედველობით Unilever-მა გლობალურ მენეჯმენტში გენდერულ თანასწორობას მიაღწია.

Chanel-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ასევე British Telecom-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრია, მანამდე კი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის დეპარტამენტის არააღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ნაირი ფრანგული მოდის სახლს იანვრის ბოლოს შეუერთდება.

ივნისში, Chanel-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ფრანგულმა ბრენდმა $1,1 მილიარდი დახარჯა, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის განმავლობაში, კაპიტალური ხარჯების რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წელს წლიური შემოსავლების 18%-ით შემცირების მიუხედავად, Chanel-ი ხარჯების პოლიტიკის შეცვლას  არ აპირებს. ბრენდის საოპერაციო მოგებამ, 41,4%-იანი კლებით, $2,05 მილიარდი შეადგინა, თუმცა გაყიდვების ტენდენცია წლის ბოლო კვარტალში გაუმჯობესდა.