აია ნაკამურა Vogue France-ის პირველი ნომრის გარეკანზე

„ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო აია ნაკამურაზე უკეთესი Vogue France-ის გარეკანზე  – გაბედული, ქარიზმატული და ნიჭიერი, მსოფლიო რეპუტაციის მქონე დივა, რომელიც ამ განსაკუთრებული ნომრის ვარსკვლავია“ – ასე გამოეხმაურა ფრანგული რედაქცია ისტორიაში პირველი ნომრის გარეკანს, რომელიც ქვეყნის ნაცვლად ქალაქის სახელს ატარებდა.

თუმცა, მოდის თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია, ფრანგული ვოგის ნოემბრის თვის ნომრით, რომლის პირველი ქავერვარსკვლავი პოპ მომღერალი აია ნაკამურაა.

ფრანგულენოვანი გამოცემის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი ნომერია, რომელზეც სახელწოდება Vogue Paris ჩაანაცვლა Vogue France-მა. ჟურნალს უკვე აღარ ხელძღვანელობს ემანუელ ალტი, მან მთავარი რედაქტორის პოზიცია 2021 წლის ოქტომბერში დატოვა.

ფრანგული გამოცემა ერთ-ერთი იყო იმ გამოცემებს შორის, რომელიც ექსკლუზიურად ამახვილებდა ყურადღებას გარეკანზე მოდელების განთავსებაზე – იმ ადამიანების, რომლებზეც რეალურად დგას მოდის ინდუსტრია. მოდის მოყვარულები ფიქრობენ, რომ Vogue France-ის პირველ გარეკანზე გამოჩენას ყველაზე მეტად ის ფრანგი მოდელები იმსახურებდნენ, როგორებიც არიან სინდი ბრუნა, ლეტიცია კასტა, მიკა შნაიდერი ან ინდუსტრიის სხვა ვარსვკლავები. ის ფაქტი, რომ მათ პოპ მომღერალი აირჩიეს ცოტა გულდასაწყვეტია. მაგალითად: ამერიკული ვოგი თავის გარეკანს მსახიობებს, მომღერლებს და წლის ყველაზე ცნობად ადამიანებს უთმობს, წელიწადში კი მხოლოდ ორჯერ შეიძლება მოდელი აღმოჩნდეს ყდაზე. ფრანგული ვოგი კი პირიქით, მხოლოდ წელიწადში ორჯერ უთმობდა თავის ყდას ცნობილ პიროვნებას.

მოდის თაყვანისმცემლების აზრით ეს მხოლოდ ერთი ყდაა და იმედს იტოვებენ, რომ Vogue France-ი არ გახდება მისი ამერიკული კოლეგიის ფრანგულენოვანი ვერსია, რომელიც ყურადღებას მხოლოდ „ცნობილ ადამიანებზე“ ამახვილებს და არა რეალურ მოდელებზე.