ბერძნული Vogue-ის ნოემბრის თვის ნომერი უკვე მესამე წელია ეძღვნება კინოს და ხელოვნებას, მაგრამ 2021 წლის ნოემბერში ბერძნულმა რედაქციამ დაამსხვრია სტერეოტიპები, შეცვალა ხედვა და ამჯერად გარეკანი გლობალურ ვარსკვლავს, მსახიობსა და მომღერალ ჯარედ ლეტოს დაუთმო. ევროპული ვოგის ისტორიაში ჯარედ ლეტო პირველი მამაკაცია, რომელიც გარეკანზე აღმოჩნდა. ხელოვანი ცნობილი ფოტოგრაფის, კრის კოლსის ობიექტივში პოზირებს. ფოტოგრაფმა ამ გადაღებით შექმნა თავისი კარიერის ყველაზე მრავალფეროვანი ქავერ-სთორი.
ჟურნალის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ბერძნულ Vogue-ში ძალიან ამაყები არიან, რადგან გამოცემის არსებობის მანძილზე, პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეღოთ მამაკაცის პირველი სოლო გარეკანი, იმ ხელოვანთან ერთად, რომელიც თავისი მუსიკით და ოსკაროსანი სამსახიობო შესრულებით შთამაგონებელია ყველასთვის.
ჯარედ ლეტო – თამამი და მამაცი, ასე შეიძლება დავახასიათოთ ადამიანი, რომელსაც სამსახიობო გარდაქმნის წარმოუდგენელი უნარი აქვს და ისეთივე პროფესიონალიზმით შეუძლია ერთდროულად იყოს მაკედონიის მეფის, ალექსანდრე მაკედონელის მეგობარი, ჰეფესტიონი და ამავდროულად ეშმაკი ანგელოზის სახით „მებრძოლთა კლუბიდან.“
ექსცენტრული მსახიობი და მომღერალი ბერძნული ვოგთან ინტერვიუში საუბრობს მის ბოლო სამსახიობო ნამუშევარზე, რიდლი სკოტის გახმაურებულ ფილმზე, House of Gucci, რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.
ჯარედ ლეტო ასევე გულწრფელად საუბრობს თავის პირად ცხოვრებასა და მებრძოლ დედაზე. „დედაჩემი არის ის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც საზოგადოებას წინსვლაში ეხმარება.“
„მე და ჩემს ძმას არ გვქონია მშვიდი ცხოვრება, ბევრი სირთულე გამოვიარეთ და სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლებოდა ციხეშიც ვყოფილიყავით ან მომკვდარიყავით“ – აღნიშნა მსახიობმა.
თითქმის 30-წლიანი სამსახიობო კარიერის შემდე, ჯარედ ლეტომ გადაწყვიტა ნაკლებად მიიღოს მონაწილეობა კინოში და დიდი დრო დაუთმოს მისი ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს – მუსიკას. ის და მისი ძმა ამჟამად მუშაობენ მეექვსე ალბომზე, დიჯეი ილენიუმთან ერთად სინგლისთვის Wouldn’t Change A Thing. „ეს არის ის, რამაც ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენლად შეცვალა.“ – განმარტავს ხელოვანი.