ISET-ის სტუდენტები IMF-ის 35 ქვეყნის პრესტიჟულ სტუდენტურ კონკურსში უკვე მესამე წელია იმარჯვებენ

ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები უკვე ზედიზედ მესამე წელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოცხადებულ პრესტიჟულ კონკურსში „Fund Challenge” იმარჯვებენ.

IMF-ის „Fund Challenge”-ში 35 ქვეყნის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის უნივერსიტეტები იღებენ მონაწილეობას, სადაც სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში IMF-ის წამყვანი ეკონომისტების მიერ შედგენილ კურსს ეცნობიან და მიღებულ ცოდნას პროექტის შესასრულებლად იყენებენ.

წელს გამარჯვება ISET-ის მეოთხე კურსის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, ნინო სარიშვილმა და მერი ჯულაყიძემ მოიპოვეს. კონკურსში მათ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ეკონომიკის ანალიზი წარადგინეს.

„ამ გამოწვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის და ძალიან მიხარია, რომ შევძელით ISET-ის სტუდენტების უკვე რამდენიმეწლიანი ტრადიციის გაგრძელება. ვფიქრობ, ამ პროექტის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის კულმინაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო“ – მერი ჯულაყიძე, ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი.

შედეგად, გამარჯვებულები IMF-ის მიერ გამართულ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ და  ფონდში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.