ქართველი ფოტოგრაფი, თაკო რობაქიძე პრესტიჟული პრემიისა და სტიპენდიის მფლობელი გახდა. სტენლი გრინის მემკვიდრეობის პრიზისა და სტიპენდიისთვის სულ სამი ფოტოხელოვანი შეირჩა – ბიაინა მაჰარი, თაკო რობაქიძე და მუნებ თაიმი.
„ჩემი აზრით, შერჩეული სამი ფოტოგრაფი სწორედ იმ თავდადებასა და სიმამაცეს ასხივებს, რომელსაც სტენლი გრინის მემკვიდრეობის პრიზი და სტიპენდია ემსახურება… თაკო რობაქიძე კი ჯიუტად აშუქებდა კონფლიქტს, რომელიც თითქმის ყველას მარტივად მიავიწყდა“ – ასე აფასებს ჟიურის წევრი, ტომას დვორჟაკი შერჩეულ სამეულსა და ქართველ ფოტოგრაფს.
პრიზი და სტიპენდია განკუთვნილი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომუშავე ფოტოგრაფებზე. ორგანიზატორების ცნობით, თაკო რობაქიძე რუსული ბორდერიზაციის გავლენებს იკვლევს და ასახავს.
ქართველი ფოტოგრაფი საკუთარ პროექტს შემდეგი სიტყვებით აღწერს: „ზოგიერთი ადამიანისთვის, ჩემს სამშობლოში, აღარაა რთულად წარმოსადგენი, დაიძინონ საკუთარ სამშობლოში და ოკუპირებულ მიწებზე გაიღვიძონ…“
თაკო რობაქიძე ქართველი ფოტოდოკუმენტალისტია. უკანასკნელ წლებში ის აქტიურად მუშაობს სოციალური სამართლიანობის და ყოველდღიური საცხოვრებელი პირობების გაშუქებაზე, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების პრომელების წარმოჩენაზე.