Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, Forbes Woman-თან პარტნიორობით გამოაცხადა საჯარო კონკურსი საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ხელმძღვანელი ქალი მეწარმეებისთვის.
კონკურსის პირველ ეტაპზე ათეულობით განაცხადი შემოვიდა, სპეციალურმა ჟიურიმ კი გამოარჩია 10 აპლიკანტი, რომლებიც პროექტის მომდევნო ეტაპზე დაგეგმილ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
Forbes Woman წარმოგიდგენთ შერჩეულ ათ მონაწილეს:
- ხათუნა ნანობაშვილი – ნატუროთერაპიისა და თავის მოვლის ნატურალური საშუალებების მწარმოებელი კომპანია Healthy Life Natural Skincare HL&S;
- მეგი დევაძე – არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფირმა „ფორტისი“;
- გვანცა კიკალიშვილი – ქართული თანამედროვე ხელოვნების ონლაინ მარკეტფლეისი Art Inception;
- მარიამ მაისურაძე – საბავშვო პროდუქტების ელ. კომერციისთვის განკუთვნილი პლატფორმა happykids.ge;
- დიანა ლეჟავა – ტექსტილისა და კერამიკის მზა ნაწარმის წარმოების კომპანია „ჰარმოსფერო“;
- ირინა გაგოშიძე – რეკრუტინგული და საკონსულტაციო მომსახურების ფირმა HR Space;
- მარიამ თავბერიძე – ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება ბრენდული სახელწოდებით „ჰამო“;
- მაკა კოდუა – ყვავილების სასათბურე მეურნეობა, მაღაზია და ონლაინ მიწოდების სერვისი;
- ხათუნა დეისაძე – ესთეტიკის ცენტრი Celebrity Studio;
- ნანო მისაბიშვილი – ინტერიერისა და ექსტერიერის ავეჯისა და დეკორის წარმოება – ნისა სტუდიო.
„ათეულობით აპლიკანტს შორის არჩევანი შევაჩერეთ იმ განაცხადებზე, რომელთა ავტორებიც მართავენ მცირე და საშუალო ბიზნესებს, აქვთ მკაფიო ხედვა ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას საჭიროებენ ბრენდის სტრატეგიის განვითრების კომპონენტში. კონკურსის მეორე ეტაპი სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ არის შემუშავებული – ათივე მონაწილე ჩაერთვება საკონსულტაციო სესიებში, რომელსაც ბრენდ ექსპერტი გაუძღვება. კონკურსანტები, ხელმძღვანელის ჩართულობით, შეიმუშავებენ საკუთარი ბრენდისთვის სტრატეგიას, მიიღებენ რეკომენდაციებს ბიზნესის განვითარებასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ ბიზნესების განვითარებაში“ – მარიამ სპარსიაშვილი, Forbes Woman Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.
„ქალი მეწარმეებისთვის კონკურსის გამოცხადება საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Visa-ს ინიციატივას, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე რეგიონში. ჩვენ ვამაყობთ, რომ She’s Next გლობალური კამპანია შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ ქალთა ლიდერობა, რომელიც წამყვანი, მამოძრავებელი ძალა ხდება ახალი ბიზნესის წამოწყების პროცესში. კონკურსის ყველა ელემენტი მიზნად ისახავს ქალებისთვის ბრენდის ექსპერტთან უფასო მენტორინგის სესიაზე წვდომის უზრუნველყოფას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პარტნიორების – თიბისი და საქართველოს ბანკებისგან”, – განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი She’s Next, Empowered by Visa-ს გლობალური ინიციატივის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელი და მმართველი ქალებისთვის, ცოდნის, რესურსების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით.
კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: Visa და Forbes Woman Georgia საქართველოში მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ბიზნეს კონკურსს აცხადებენ