დღეიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისს კაორი იშიკავა უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად UN Women Georgia ავრცელებს.
ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თანახმად, კაორი იშიკავას 20-ზე მეტ ქვეყანაში სამშვიდობო, ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების მართვის, პოლიტიკის დონეზე ადვოკატირების 20 წელზე ხანგრძლივი, მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.
საქართველოში ჩამოსვლამდე კაორი იშიკავა გაეროს მოსახლეობის ფონდის მონღოლეთის ოფისს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი გაეროს მოსახლეობის ფონდის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობებსა და განყოფილებებში მუშაობდა, მათ შორის ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იემენში, ინდონეზიაში, ავღანეთსა და მიანმარში. კაორი იშიკავა არაბულ სახელმწიფოებში გაეროს მოსახლეობის ფონდის (ASRO) კაიროს რეგიონულ ოფისში საქმიანობდა. ამას გარდა, ის ნიუ-იორკში, გაეროს მოსახლეობის ფონდის სათავო ოფისის ტექნიკური განყოფილების გენდერის, ადამიანის უფლებათა და კულტურის ფილიალის გენდერის სპეციალისტი იყო.
გაეროს მოსახლეობის ფონდამდე კაორი იშიკავა გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და იაპონიის ორგანიზაცია ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, (JOICFP) იაპონიაში მუშაობდა.
კაორი იშიკავა იაპონელია. მას აქვს იაპონიის რიტსუმეიკანის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში, სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკისა და მოსახლეობის დაბერების სპეციალიზაციით, ფლობს დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის განვითარების კვლევების დიპლომს, სოციალური კვლევების ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს ქალი და განვითარების განხრით ნიდერლანდებში და ბრიტანეთის ვარვიკის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.