კოკო შანელის დიდებულება, იდუმალება და ბრწყინვალება – დღეს დიზაინერის დაბადების დღეა

მოდის ინდუსტრიაში გაბრიელ „კოკო“ შანელი წარუშლელი ფიგურაა. ის ყოველთვის წინ უსწრებდა დროს: შანელი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც სილუეტები მინიმუმამდე დაიყვანა, ქალის ჩაცმის სტილს მოაშორა კორსეტი და გასცდა არსებულს. მან ქალებისთვის შექმნა კომფორტული შარვალი, გამოიგონა „მოკლე შავი კაბა“, რომლის პირველი დიზაინიც 1926 წელს, შავი ჩინური აბრეშუმისგან გააკეთა. კაბა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კოკო შანელმა მისი შექმნა განაგრძო. სწორედ მან გახადა მოდის სამკაულები სოციალურად მისაღები, შექმნა თავისი სავაჭრო ნიშანი, ტვიდის კოსტიუმი და ლეგენდარული სუნამო „Chanel N°5“. და მაინც, მისი შემოქმედება მარადიულია.

Photo via Getty Images

შანელი ერთადერთი წარმომადგენელია მოდის სამყაროდან, რომელიც ჟურნალ თაიმის „საუკუნის 100 ადამიანს“ შორის მოხვდა.

კოკო შანელმა მოდის კარიერა ქუდების დიზაინით დაიწყო… მან პირველი მაღაზია 1913 წელს, პარიზში გახსნა, მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის დახმარებით. პოპულარობის მოპოვების შემდეგ, მან ტანსაცმლისა და სხვა ნივთების შექმნაც დაიწყო. ცნობისთვის, დიზაინერის საყვარელი ყვავილი კამელია იყო, რომელსაც იგი თავის ყოველ ნამუშევარში იყენებდა.

1932 წელს მან წარმოადგინა პირველი Bijoux de Diamants კოლექცია, რომელიც 45-ზე მეტი სამკაულისგან შედგებოდა. იგი შთაგონებული იყო იმ მოზაიკით, რომელიც ობაზინის ბავშვთა სახლის იატაკზე იყო. გაბრიელ შანელმა იქ ახალგაზრდობა გაატარა .

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, „შანელის მოდის სახლი“ დაიხურა და მხოლოდ 1954 წელს გაიხსნა.

Photo via Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ კოკო შანელმა მოდის სახლი საუკუნეზე მეტი ხნის წინ გახსნა, ის დღემდე აგრძელებს მოდის მოყვარულთა შთაგონებას. მთელი მისი ცხოვრება, როგორც მისი ნამუშევრები, შთაგონებული იყო ლიტერატურითა და ფილმებით. მისი კომპანიის ისტორიას, წარმატების გზას და ცხოვრების ყოველდღიურობას დღემდე გულდასმით სწავლობენ და გრძნობენ მოდის გულშემატკივრები.

1971 წლის 10 იანვარს მადმუაზელ შანელი პარიზში გარდაიცვალა. 1983 წლიდან კი მოდის სახლის ხელმძღვანელი კარლ ლაგერფელდი გახდა, რომელმაც მოდის სახლი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. მან კოკო შანელის ხელწერა ზუსტად არ გადმოიტანა, მაგრამ მიხვდა, როგორ უნდა ყოფილიყო განუმეორებელი. 1984 წელს ლაგერფელდმა გამოუშვა სუნამო „კოკო“, 1990 წელს კი მამაკაცის სუნამო „Égoïste“.

დღეს გაბრიელ – კოკო შანელის 138-ე დაბადების დღეა, რის პატივსაცემადაც ჩვენ გაგიზიარებთ ბრწყინვალე ციტატებს, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალისგან, რომელიც სავსე იყო მთელი მისი მშვენიერებით.

Photo via Getty Images
  • „იმისათვის, რომ შეუცვლელი იყო, ყოველთვის განსხვავებული უნდა იყო.“
  • „მოდა იცვლება, მაგრამ სტილი არასდროს.“
  • „ზოგს მხოლოდ ფული აქვს, ზოგიერთი ადამიანი კი ისედაც მდიდარია.“
  • „სიმარტივე ნამდვილი ელეგანტურობის საფუძველია.“
  • „ყველაზე თამამი ნაბიჯი საკუთარ თავზე ხმამაღლა ფიქრით იწყება.“
  • „ელეგანტურობა არ არის მხოლოდ ელეგანტური სამოსის ტარება.“
  • „მოდა მხოლოდ კაბებს არ მოიცავს. მოდა ცაშია. მოდა ქუჩაშია. მოდა არის ის, რითაც ვცხოვრობთ და ვფიქრობთ.“
  • „ის ცხოვრება, რომელიც არსებობდა, არ მომწონდა, ამიტომ მე შევქმენი საკუთარი ცხოვრება.“