ფილმის House of Gucci-ს პრემიერა 2021 წლის ნოემბერშია ჩანიშნული. გამოქვეყნებული ფილმის ტრეილერი, გვპირდება ბრწყინვალე მოვლენებს, წვეულებებს, ძვირადღირებულ მოდას და მანქანებს, იტალიურ ხიბლს და ბევრ სკანდალურ შეთქმულების ისტორიას… ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, უკვე ქმნის რაღაც განსაკუთრებულის და განსხვავებულის მოლოდინის.
კინორეჟისორი რიდლი სკოტი, მსახიობები ადამ დრაივერი, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, სელმა ჰაიეკი და ალ პაჩინო; ეს ის პირველი მინიშნებებია იმისა, რომ ფილმი მრავალი მაყურებლისთვის სასიამოვნო იქნება და დაფასდება, არა მხოლოდ მოდის თაყვანისმცემლების მიერ, არამედ კინოინდუსტრიის მხრიდანაც.
სარა გაი ფორდენის მიერ 2012 წელს დაწერილი წიგნის საფუძველზე გადაღებული ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ, მაგრამ შოკისმომგვრელ ისტორიას. ფილმი დეტალურად განიხილავს პატრიცია რეჯანის და მაურიციო გუჩის ურთიერთობებს, სიყვარულს და ასევე მკვლელობის ისტორიას. ცნობილი ისტორიის მიხედვით, სწორედ მეუღლემ, პატრიცია რეჯანიმ დაგეგმა ლეგენდარული იტალიური მოდის სახლის ყოფილი ხელმძღვანელის და მემკვიდრის, მაურიციო გუჩის მკვლელობა.
წყვილი 1972 წელს დაქორწინდა, ისინი განთქმულნი იყვნენ თავისი მდიდრული ცხოვრების წესით. რეჯანის, რომელიც იშვიათად ჩნდებოდა მუქი სათვალის გარეშე, „მილანელი ელიზაბეტ ტეილორი“ შეარქვეს, ხოლო მაურიციო გუჩი მდიდარ, მაგრამ უსარგებლო ბიზნესმენად ითვლებოდა, რომელმაც კინაღამ ჩააგდო ოჯახის ისტორიული დასაწყისი და მოდის იმპერია.
სწორედ პატრიცია რეჯანის ეკუთვნის სიტყვები: „მირჩევნია როლს-როისში ვიტირო, ვიდრე ველოსიპედს ვატარებდე ბედნიერი“.
მკვლელობის ორგანიზებიდან, ერთ -ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი, რეჯანის მიერ დაქირავებული ოთხი თანამზრახველია, სადაც ერთ-ერთი მათგანი ექსტრასენსი იყო.
ფილმში ერთ -ერთი მთავარი პერსონაჟი პატრიცია რეჯანია, რომელსაც ლედი გაგა ასახიერებს. მომღერალი რამდენჯერმე იყო ნომინირებული სხვადასხვა კინოდაჯილდოებაზე ფილმში „A Star Is Born“ შესრულებული მთავარი როლისთვის, ასე რომ, ჩვენ რამდენიმე თვეში ვნახავთ, რამდენად წარმატებული იქნება მისი ამჟამინდელი სამსახიობო ნამუშევარი.
ჩვენ ველოდებით მოდის მოყვარულების აღფრთოვანებას და ფილმით შთაგონებულ მრავალ სიახლეს მოდის სამყაროში, რომელიც, როგორც ჩანს, უსასრულო იქნება. ლედი გუჩი ცნობილი იყო თავისი სტილითა და ექსტრავაგანტულობით. ერთი სიტყვით, მას ფუფუნება უყვარდა, იქნებოდა ეს ტანისამოსი, საჭმელი, დეკორაცია თუ მოგზაურობა. ექსტრავაგანტულობა, გამორჩეული სამკაული, ბეწვი და ფანტასტიკური სათვალე. აქედან არცერთი დეტალი არ დარჩება ყურადღების მიღმა. ხოლო მაურიციო გუჩი, რომელსაც ფილმში მსახიობი ადამ დრაივერი თამაშობს, სხვა მსახიობებთან ერთად მოდის და კინოს თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება.