Victoria’s Secret-ი პოდიუმზე დასაბრუნებლად ემზადება 

თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, ყველა დროის ყველაზე ცნობილმა ქალის თეთრეულის ბრენდმა – Victoria’s Secret-მა პოდიუმზე დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, ზოგიერთისთვის სამწუხაროდ, „ანგელოზების“ გარეშე. ბრენდის განცხადებით, მათ სიმბოლური ჩვენების აღდგენა განსხვავებული გზით სურთ. ბრენდის გენერალური დირექტორის თქმით, მოდის ჩვენების ჩასატარებლად წარსულში ძალიან დიდი თანხა იხარჯებოდა, ამ ორი წლის განმავლობაში კი ეს თანხა დაიზოგა. 

Photo Credits to Dimitrios Kambouris/Getty Images

„შოუში მთავარი ცვლილება „კულტურული თვალსაზრისით“ მოხდება“ – აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა, მარტინ უოტერსმა. ნაცნობი „ანგელოზების“ ნაცვლად ჩვენ ვიხილავთ ბრენდის ამბასადორებს. ცნობისთვის, ბრენდმა ყველასთვის ნაცნობი მოდელების, როგორიცაა ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სარა სამპაიო, ჩაანაცვლა ბრენდის ამბასადორებით, რომლებიც წარმოადგენენ სხეულის ყველა ტიპსა და ასაკს. მათ შორისაა: ფეხბურთის ვარსკვლავი მეგან რაპინოუ, მსახიობი პრიანკა ჩოპრა-ჯონასი, ჩინური წარმომავლობის ამერიკელი თავისუფალი სტილის მოთხილამურე აილინ გუ, LGBTQ აქტივისტი და ტრანსგენდერი მოდელი ვალენტინა სამპაიო. უკვე დაიწყო მაღაზიების რებრენდინგი, სადაც აქტიურად იყენებენ პლუს ზომის მანეკენებს. 

ცვლილება გარდაუვალიც იყო იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაოდ ცნობილმა ყოველწლიურმა მოდის ჩვენებამ, რომელიც ბოლოს 2018 წელს ჩატარდა, ყველა დროის დაბალი რეიტინგი აჩვენა შოუს დაფუძნებიდან 20 წლის თავზე.

2020 წლის თებერვალში, ბრენდმა 55 პროცენტიანი წილი მიჰყიდა L ბრენდს, Sycamore-ს პარტნიორებს, 525 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებით.

საგულისხმოა, რომ Victoria’s Secret-ი ჯერ არ ჩქარობს პოდიუმზე დაბრუნებას და შესაბამისად უცნობია, კონკრეტულად როდის ჩატარდება ჩვენება. თუმცა, გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უკვე ვიხილავთ ყველაზე განსხვავებულ შოუს ბრენდის ისტორიაში. „ჩვენ არ ვჩქარობთ გამოვაცხადოთ როდის ან როგორ მოხდება ეს… მაგრამ, ჩვენ მას განვსაზღვრავთ, როგორც „კულტურული თვალსაზრისით“ რევოლუციურს…“.