ნატო ახალი გენერალური მდივნის ძიებაში

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო, გენერალური მდივნის თანამდებობისათვის იენს სტოლტენბერგის შემცვლელის ძიებაშია.

NATO HQ – Photo Courtesy of NATO

იენს სტოლტენბერგი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ორგანიზაციის უმაღლეს პოსტზე 2014 წლის ოქტომბერში დაინიშნა. წევრი სახელმწიფოები სტოლტენბერგის კონტრაქტის 2022 წლის სექტემბრამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც ალიანსს ერთ წელზე ოდნავ მეტს უტოვებს ჩამნაცვლებლის საპოვნელად. ოფიციალური მოლაპარაკებები სათაო ოფისში სულ ახლახან დაიწყო, სტოლტენბერგის შემცვლელის წარდგენას ნატოს ლიდერების სხდომაზე მადრიდში, შემდეგი წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულის დასაწყისში აპირებენ.

ოფიციალური პირები, დიპლომატები და ანალიტიკოსები თვლიან, რომ ალიანსის 72 წლიანი არსებობის შემდეგ დროა ნატოს გენერალურ მდივნად პირველი ქალი დაინიშნოს. ზოგიერთი მოსაზრებით, რუსეთ-ნატოს დაძაბული ურთიერთობის გამო, აღმოსავლეთ ევროპელი ადამიანის ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობაზე დანიშვნა მოსკოვში მნიშვნელოვან მესიჯს გაგზავნის.

ამ ორი კრიტერიუმის გაერთიანებით, POLITICO-ს შეფასებით, სამი პოტენციური კანდიდატი იკვეთება: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი – კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი –  დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი – კერსტი კალიულაიდი.

დალია გრიბაუსკაიტე – Photo Courtesy of NATO

გრაბარ-კიტაროვიჩს, რომელიც ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი 2015-2020 წლებში იყო, ნატოს სათაო ოფისში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს გენერალური მდივნის თანაშემწის პოზიციაზე 2011-2014 წლებში.

კრიტიკოსების შეფასებით, გრაბარ-კიტაროვიჩის პუტინისადმი დამოკიდებულება შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს, თუმცა მისი რეზიუმე ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის პოტენციურ კანდიდატებს შორის ყველაზე შთამბეჭდავად მიიჩნევა. მისი დამსახურებით ხორვატიამ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება წარმატებით მოახერხა, ამას გარდა 2008-2011 წლებში ის ხორვატიის ელჩს წარმოადგენდა აშშ-ში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვაშინგტონთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი – Photo via Twitter

ცნობისთვის, დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვას პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით – 2009 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა. ის რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკით გამოირჩეოდა. ერთხელ რუსეთს უკრაინაში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის ფონზე „ტერორისტული სახელმწიფოც“ კი უწოდა. საქართველოს მიმართ კი გრიბაუსკაიტე მეგობრული ურთიერთობით და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით იყო ცნობილი.

როგორც ცნობილია, ხორვატიის, ლიეტუვას და ესტონეთის გარდა, იტალიაც აპირებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.