ტვიტერი და ინდოეთის მედიასაშუალებები აჭრელებულია მილოცვებითა და საზეიმო განცხადებებით – პოლიტიკოსებიდან დაწყებული, ბიზნესმენებით დამთავრებული – ისინი აღნიშნავენ ერთი ქალის წარმატებას, რომელიც რიჩარდ ბრანსონთან ერთად კოსმოსში გაფრინდა.
რიჩარდ ბრანსონი ბრიტანელი მილიარდელია, რომელიც 11 ივლისს ნიუ-მექსიკოდან აფრინდა და კოსმოსში დაახლოებით 1 საათი იმოგზაურა. ამ პროექტზე ბრანსონის კომპანია Virgin Galactic 17 წელი მუშაობდა.
აღნიშნული პროექტი გახლავთ კოსმოსური ტურიზმის განვითარებისკენ გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯი. ბრენსონმა დაასწრო ჯეფ ბეზოსს და ილონ მასკს, რომელთაც მსგავსი გეგმები აქვთ. რიჩარდ ბრანსონის შეფასებით, მისი მოგზაურობა „განუმეორებელი ცხოვრებისეული გამოცდილებაა”.
ხოლო ქალი, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვსაუბრობდით, სირიშა ბანდლაა – Virgin Galactic-ის ვიცე-პრეზიდენტი. 11 ივლისს მან რიჩარდ ბრანსონთან და სხვა ორ თანამშრომელთან ერთად ისტორიულ მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა.
ამერიკის შეერთებული შტატებში ინდოეთის საელჩოს ცნობით, სირიშა ბანდლა მესამე ინდური წარმოშობის მქონე ქალია, ვინც კოსმოსში გაემგზავრა. მისი წინამორბედები იყვნენ სუნიტა ვილიამსი და კალპანა ჩავლა, რომელიც 2003 წელს ტრაგიკულად დაიღუპა დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებისას.
ბანდლა ინდოეთის სამხრეთით, ანდრა-პრადეშის შტატში დაიბადა, 2015 წელს კი რიჩარდ ბრანსონის კომპანიას შეუერთდა. მის წარმატებას გამოეხმაურა აგრეთვე ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი, ვენიკაია ნაიდუ, რომელმაც განაცხადა, რომ სირიშა იქნება მისაბაძი ყველა ახალგაზრდა გოგონასთვის. ასევე, ინდოელმა მილიარდელმა, ანანდ მაჰინდრამ, ტვიტერის პოსტში მის მიღწევას „შუშის ჭერის დამსხვრევა” უწოდა.