მოლდოვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები | ქვეყნის პროდასავლური გზა მაია სანდუს მეთაურობით

2020 წლის დეკემბერში მოლდოვაში პირველი ქალი პრეზიდენტი, 48 წლის მაია სანდუ იქნა არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ სანდუ არც თუ ისე დიდი ხანია რაც მოლდოვის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, მისი მმართველობის პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა როგორც მოლდოვის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

REUTERS/Stringer

მაია სანდუ პროფესიით ეკონომისტია. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მოლდოვის ეკონომიკის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მოლდოვის წარმომადგენლობაში განსხვავებულ პოზიციებზე, კონსულტანტიდან დაწყებული, დეპარტამენტის ხელმძღვანელით დამთავრებული. 2010 წელს სანდუმ ჰარვარდის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა. 2012 წელს სანდუმ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა და მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე კორუფციის აღმოფხვრის მიზნით.

შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლიდან იწყება მაია სანდუს პოლიტიკური კარიერა, როდესაც იგი პროევროპული პარტიის „მოქმედება და სოლიდარობა“ ლიდერი გახდა და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ არჩევნებში პრორუსული სოციალისტური პარტიის კანდიდატმა იგორ დოდონმა ხმების 52.18% მოიპოვა და გაიმარჯვა, ხოლო სანდუმ მეორე ადგილი დაიკავა.

მოგვიანებით, სანდუს პარტია ,,მოქმედება და სოლიდარობა’’ პლატფორმა ,,ღირსება და სიმართლე’’-ს შეუერთდა და პროდასავლური ,,ACUM’’-ის ბლოკი ჩამოაყალიბა. 2019 წელს ხსენებულმა ბლოკმა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც დოდონის სოციალისტურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა (31.35%) მიიღო, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად. მეორე ადგილზე გავიდა „ACUM“-ის ბლოკი 26.39%-ით, მესამე ადგილი ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, მანდატების მცირე რაოდენობა კი პარტია „შორ“-ს ერგო.

პარლამენტის დასაკომპლექტებლად დოდონის სოციალისტურმა პარტიამ და „ACUM“-ის ბლოკმა კოალიცია შეკრეს, რომლის მიმართაც ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა აღნიშნულმა ინიციატივამ დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვა. გარიგების შედეგად, კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ გახდა.

სამთავრობო კოალიციამ სულ რაღაც ხუთ თვეს იარსება და 2019 წლის ნოემბერში სანდუ თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ პარლამენტმა უკმაყოფილება გამოთქვა მინისტრთა კაბინეტის მუშაობასთან დაკავშირებით და სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.  თუმცა, როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის წყაროები იუწყებიან, რეალური მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო პროდასავლური პრემიერმინისტრის მიმართ მოსკოვის უკმაყოფილება ან ოლიგარქ პლახოტნიუკის გავლენის აღდგენა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის არაფორმალური მმართველი გახლდათ და იმჟამად თურქეთში მიმალვაში იმყოფებოდა.

2020 წელს მაია სანდუმ კვლავ გადაწყვიტა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამით რევანშის აღება. სანდუმ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2 ოქტომბერს დაიწყო. იგი სიტყვით ორჯერ გამოვიდა რუმინულ და რუსულ ენებზე და ამომრჩევლებს კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას, სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებას, ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას, პენსიების გაზრდასა და ევროკავშირთან მოლდოვის დაახლოებას დაჰპირდა. „მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანაში წესრიგს აღადგენს და ვიმუშავებ, რათა თითოეული მოქალაქის სამართლიანობა და კეთილდღეობა უზრუნველყო!”, – წერდა იგი თავის საარჩევნო პროგრამაში.

Sergei Gapon/AFP

2020 წლის არჩევნების დროს მოლდოველი ხალხი ალტერნატივის წინაშე იდგა ევროპასა და რუსეთს შორის. ერთ მხარეს იდგა პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც ღია მხარდაჭერას უცხადებდა ვლადიმერ პუტინი, ხოლო მეორე მხარეს მაია სანდუ, რომელიც პროდასავლური კანდიდატია და მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას.

2020 წლის 1 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც გამარჯვებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა, 50%-ზე მეტი, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.  15 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ ხმების 57.71%-ით პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი დაამარცხა. მაია სანდუმ უდიდესი მხარდაჭერა მიიღო დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ არსებული დიასპორის წარმომადგენლებმაც მას აქტიურად მისცეს ხმა.    

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მოლდოვის ახალი პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრა, მას შემდეგ, რაც 2014 წელს დოდონმა უარი განაცხადა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე და რუსეთთან ინტეგრაცია განიზრახა. 24 დეკემბერს, ინაუგურაციის დროს, მაია სანდუმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მას სურს, გახდეს ევროინტეგრაციის პრეზიდენტი. მან განაცხადა, რომ მოლდოველი მოქალაქეები იცხოვრებენ დემოკრატიულ და ლიბერალურ სახელმწიფოში, სადაც არავის დევნიან პოლიტიკური მრწამსის ნიშნით, ხოლო ევროკავშირთან დაახლოება ამის მისაღწევად ერთადერთი გზაა.

სანდუს გამარჯვების მიუხედავად, პრეზიდენტის გავლენა მოლდოვაში კვლავაც სუსტი რჩებოდა. სანდუს პარტიას – „მოქმედება და სოლიდარობა“ პარლამენტში მცირე წარმომადგენლობა აქვს. დაპირებული რეფორმების შესასრულებლად კი მას საპარლამენტო მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ მაია სანდუმ მთავარ მიზნად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროულად დანიშვნა და პარლამენტში დოდონის პრორუსული სოციალისტური პარტიის გავლენის შესუსტება დაისახა.

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 11 ივლისს, ორი დღის წინ გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობა“ ხმების 52.8% მოიპოვა, ხოლო დოდონის სოციალისტურ პარტიას 27.17% ერგო. შესაბამისად, დღეიდან მოლდოვის პარლამენტში უმრავლესობას მაია სანდუს პარტია წარმოადგენს და 101 ადგილიდან მან 63 ადგილი მოიპოვა.

მაია სანდუმ გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ დამთავრდა ქვეყანაში კორუმპირებული დეპუტატებით დაკომპლექტებული პარლამენტის არსებობა, მოლდოვის ისტორიაში ახალი, ისტორიული ეტაპი იწყება და ქვეყანა საგარეო პოლიტიკის პროდასავლურ კურსს მიჰყვება.