ახლახან დასრულდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (GAU) და Women for Women-ის (W4W) ერთობლივი პროექტი ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად. პროექტის ფარგლებში W4W პლატფორმის 3 წევრმა მოიპოვა სრული ან/და ნაწილობრივი დაფინანსება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, მათთვის სასურველი მიმართულებით.
პროექტის მიზანი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) W4W-სთან ერთად იაზრებს ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობას, სოციალურ პასუხისმგებლობასა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობას. შესაბამისად, GAU-ს ინიციატივით W4W პლატფორმის წევრ ყველა განათლების მაძიებელ ქალს, 5 დღის განმავლობაში (1-5 ივლისი) შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში და მოეპოვებინათ 50%, 70% და 100%-იანი დაფინანსება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე.
გამომდინარე იქიდან, რომ GAU წლებია მომავალ მაგისტრანტებს სთავაზობს სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საგრანტო სისტემებს, W4W-თან მსჯელობის შედეგად მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ გამარჯვებულები გამოვლენილიყვნენ შერჩევითობის პრინციპით, განურჩევლად მათი წარსული საგანმანათლებლო ბიოგრაფიისა (GPA), სამაგისტრო გამოცდებში მოპოვებული წარმატებისა და ამჟამინდელი კარიერული მიღწევებისა.
7 ივლისს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კამპუსში, W4W-ს კომუნიკაციების მენეჯერის, ნატალია ჭამიაშვილის ჩართულობით, ონლაინ პლატფორმაზე პირდაპირი ტრანსლირებით გამოვლინდა გათამაშების სამი გამარჯვებული.
„ძალიან მიხარია, რომ GAU არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც აქტიური თანამშრომლობა დაიწყო განათლებისა და კარიერული განვითარების პლატფორმასთან (W4W) და შედეგად, კიდევ სამ განათლების მაძიებელ ქალს მიეცა შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი, ქართულ-ამერიკული, საუნივერსიტეტო განათლება.“ – ანანო ციცვიძე/GAU-ს მედია კომუნიკაციების მენეჯერი.
„W4W-ის ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ქალებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნისთვის განათლებისა და კარიერული განვითარების მიმართულებით. ყოველთვის ძალიან გვიხარია, როცა ჩვენს გარშემო ჩნდებიან ღირსეული პარტნიორები და ერთად ვახერხებთ, რომ შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ღირსეულ პარტნიორებს შორის მოვიაზრებთ და გვიხარია, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა შედგა. რაც მთავარია, პროცესი იყო სასიამოვნო და საინტერესო. ამას მოწმობს სამი ათასამდე ქალის ჩართულობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ მსგავსი სიახლეებით ჩვენი ქსელის წევრების განებივრებას.“ – ნატალია ჭამიაშვილი/W4W-ს კომუნიკაციების მენეჯერი.