2021 წლის ზაფხულის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში ამერიკის სახელით მოასპარეზე ქალი სპორტსმენებისთვის თეთრეულს კიმ კარდაშიანის მიერ დაფუძნებული ბრენდი – Skims – შექმნის.
აღნიშნულ ინფორმაციას რეალითი შოუს „კარდაშიანების ოჯახის“ ვარსკვლავი საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ავრცელებს. ამერიკელი მოდელისა და ბიზნესმენის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში Skims-ის თეთრეული ოლიმპიურ თამაშებში ამერიკის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა, მათ შორის, კალათბურთელმა – ეიჯა უილსონმა, მოცურავე – ჰეილი ანდერსონმა და პარაოლიმპიელმა სპრინტერმა – სკუტ ბასეტმა მოირგეს.
კიმი აღნიშნავს, რომ ოლიმპიურ თამაშებს ბავშვობიდან ადევნებდა თვალს. მისი მამინაცვალი – კეიტლინ ჯენერი – ყოფილი ოლიმპიელია. ასე რომ, კიმს მუდმივად უწევდა საკუთარ ოჯახთან ერთად ემოგზაურა იმ ქალაქებში, სადაც ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა.
„ვუყურებდი სპორტსმენებს და ვიაზრებდი, რამხელა თავდადებასა და ღირსებასთან არის დაკავშირებული ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა. როდესაც ოფიციალური შემოთავაზება მივიღე, Skims-ი ამერიკის გუნდის კამპანიის ნაწილი გამხდარიყო, ოლიმპიელების სიძლიერით, მათი ენერგიით გამოწვეული აღფრთოვანება კვლავ დამიბრუნდა“ – აცხადებს კიმ კარდაშიანი.
დღესდღეობით, სპორტული სამოსი მომხმარებელთა ვიწრო წრეზე აღარ არის გათვლილი და მას ტანსაცმლის უამრავი ბრენდი აწარმოებს. ასე რომ, ფართო საზოგადოებისთვის Skim-ის ოლიმპიური ხაზის თეთრეული ივლისის თვიდან გახდება ხელმისაწვდომი.
ფორბსის ცნობით, საკუთარი თეთრეულის ბრენდისა და KKW Beauty-ის კოსმეტიკური ბიზნესიდან მიღებული მოგების წყალობით, წინა წლის ოქტომბერში კიმ კარდაშიანის ქონება 780 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამიტომ, ის ერთ-ერთია 2021 წლის ყველაზე მდიდარ ქალთაგან, ვინც ფორბსის მილიარდერთა სიაში დაიკავა ადგილი.