ბრიტნი სპირსმა ფანებს მოუბოდიშა იმის გამო, რომ „თავს იკატუნებდა, თითქოს კარგად იყო“, მაშინ, როდესაც 13 წლის განმავლობაში „არაჰუმანური“ მეურვეობისგან იტანჯებოდა, როგორც ამას თვითონ განმარტავს.
მან სასამართლოს განუცხადა, რომ მეურვეობის დასრულება სურს, რომელიც მის პირად ცხოვრებაზე და ფინანსებზე სრულ კონტროლს მეურვეს ანიჭებს.
სპირსის თქმით, ის იმდენად ტრავმირებული იყო, რომ ყოველდღე ტიროდა და მას მხოლოდ „თავისი ცხოვრების დაბრუნება“ სურს.
ვარსკვლავის განცხადებით, მას შვილების ყოლის უფლებაც წაართვეს და მისი ნების წინააღმდეგ ფსიქოტროპული წამლის, ლითიუმის მოხმარებასაც აიძულებდნენ.
39 წლის მომღერალი მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც მის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა, სასამართლომ კი მეურვეობა ჯეიმი სპირსს, ბრიტნის მამას მიანიჭა.
ოთხშაბათს ჩატარებულ სპეციალურ მოსმენაზე მომღერალმა პირველად ისაუბრა თავისი მდგომარეობის შესახებ. ლოს-ანჯელესის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ბრენდა პენიმ, სპირსს მადლობა გადაუხადა „სიმამაცისთვის“, რომელიც მან სასამართლოს პროცესის დროს გამოიჩინა.
ფანების ინიციატივით შექმნილი მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) რამდენიმე წელია იბრძვის ვარსკვლავის ლეგალური დამოუკიდებლობისათვის.
თუმცა, Associated Press-ის განმარტებით, ჯერ გრძელი სამართლებრივი პროცესების გავლა იქნება საჭირო მანამ, სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბრიტნი სპირსის მეურვეობის დასრულებასთან დაკავშირებით.