არჩევანი მეძუძურ დედობასა და ოლიმპიურ სპორტსმენობას შორის – კიმ გოშეს საჩივარი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს

37 წლის კანადელი კალათბურთელი კიმ გოშე შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშოს. ინსტაგრამ-მიმართვაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, გოშე აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მას არ მისცა უფლება, ბუნებრივ კვებაზე მყოფი 3 თვის ქალიშვილი ტოკიოში წაიყვანოს კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომელთა მიხედვითაც, თამაშზე არ დაიშვებიან მონაწილეთა მეგობრები და ოჯახის წევრები.

Photo Credits to AP Photo/Jessica Hill

ოლიმპიური თამაშების კომიტეტი გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს. კალათბურთელის თქმით, მისთვის ძალიან რთულია, გააკეთოს არჩევანი შვილსა და კარიერას შორის. ის ხომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე და თავდაუზოგავად შრომობდა, რათა მის გუნდს კვალიფიკაცია აემაღლებინა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მოეპოვებინა. 

აღსანიშნავია, რომ კიმ გოშე კანადის ქალთა ეროვნულ ნაკრებში 2001 წლიდან თამაშობს. მას დიდი წვლილი მიუძღვის ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კანადის ეროვნული ნაკრების მომზადებაში, როდესაც კანადამ 2000 წლის შემდეგ პირველად მიიღო ტურნირში მონაწილეობა. 

კანადის ოლიმპიური კომიტეტი და საკალათბურთო ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებენ კიმს. მათ უკვე მიმართეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს საჩივრით და მოითხოვეს, რომ კიმს მიეცეს უფლება, ოლიმპიურ თამაშებს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დაესწროს. ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ოფიციალური პასუხი ჯერ არ გამოუგზავნია, თუმცა კიმი ოლიმპიადისთვის ნაკრებთან ერთად ვარჯიშს კვლავ განაგრძობს.